“გაზპრომი”: საქართველოს გაზის გაზრდილი ფასის გადახდა აქტივებით შეუძლია

რუსული სახელმწიფო კომპანია “გაზპრომის“ გამგეობის თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრე მედვედევმა განაცხადა, რომ 230 აშშ დოლარი 1 000 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირზე “პოლიტიკური“ ფასი არ არის და საქართველოს აქვს შესაძლებლობა გაზრდილი ფასი აქტივებით დაფაროს, იუწყებიან 7 ნოემბერს “რია ნოვოსტი” და “ინტერფაქსი”.


კითხვაზე თუ რომელი აქტივები აინტერესებს “გაზპრომს“,  მედვედევმა უპასუხა, რომ ეს ქართულმა მხარემ უნდა განსაზღვროს.


“ეს მათი ამოცანაა. მე მრჩეველად არ გამოვალ. წარსულში ჩვენ მივუთითეთ, რომელი აქტივები გვაინტერესებდა, მაგრამ საპასუხოდ ვერაფერი მოვისმინეთ“, – განაცხადა მედვედევმა.


ცნობილია, რომ “გაზპრომს“ მაგისტრალური გაზსადენის ყიდვა სურდა, რომლის საშუალებითაც ხორციელდება რუსული გაზის ტრანსპორტირება საქართველოსა და სომხეთში. ადრე თბილისში განიხილებოდა გაზსადენის “გაზპრომისთვის” მიყიდვის საკითხი, თუმცა შემდგომში ამაზე უარი თქვეს, სავარაუდოდ, აშშ-ს ზეწოლის შედეგად. 


მედვედევის განცხადებით, შეღავათიანი ფასები გაზზე დსთ–ს ქვეყნებისათვის აღარ იქნება და საქართველოსთვის 110–დან 230 აშშ დოლარამდე 1 000 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირზე ფასის გაზრდა “ყველა ქვეყნის [ფასების] დონეს შეესაბამება“.


“გაზპრომის” წარმომადგენელმა არ გამორიცხა, რომ საქართველოს გაზის მიწოდება შეუწყდეს, თუ 2007 წლიდან გაზრდილი ფასის თაობაზე კონტრაქტი არ გაფორმდება.


სომხეთის გაზის გამანაწილებელ ქსელზე კონტროლის დამყარების შემდეგ “გაზპრომმა” განაცხადა, რომ გაზის ღირებულება სომხეთისთვის 110 აშშ დოლარი დარჩება 1000 კუბურ მეტრზე.  


მან ასევე დასძინა, რომ საქართველოსთან კონტრაქტის გაუფორმებლობის შემთხვევაში, “გაზპრომი“ მხოლოდ სომხეთის მომხმარებელს მიაწვდია გაზს, რომელიც რუსულ ბუნებრივ აირს საქართველოს გავლით იღებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)