პუტინის სათათბირო ორგანო ანტიქართული კამპანიის შეწყვეტისაკენ მოუწოდებს
რუსეთის პრეზიდენტის სათათბირო ორგანო, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებისა და ადამიანის უფლებათა საკითხებზე მუშაობს, მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას მიიღოს ყველა ზომა, რათა შეწყდეს რუსეთის სხვადასხვა რეგიონებში გაჩაღებული ანტიქართული კამპანია.
“ეს კამპანია შედეგად მოჰყვა რუსულ–ქართულ ურთიერთობებზე ქვეყნის ლიდერების ზოგადი პოლიტიკური ხასიათის განცხადებების დამახინჯებულ გაგებას, რომელიც ადგილებზე აღქმული იქნა, როგორც მითითება ეთნიკური ქართველების დევნის ორგანიზებისკენ“, – ნათქვამია პრეზიდენტ პუტინის სათათბირო ორგანოს მიერ 7 ნოემბერს გავრცელებულ პრეს–რელიზში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ანტიქართული კამპანია, რომლის დროსაც უამრავ კანონდარღვევას აქვს ადგილი, გრძელდება იმის მიუხედავად, რომ პრეზიდენტმა პუტინმა ეთნიკური ნიშნით შერჩევითი მოქმედებების დაუშვებლობაზე ნათლად მიანიშნა თავის ტელე–პრესკონფერენციაზე საუბრისას.
“ანტიქართული კამპანია და მისი მეთოდები უარყოფით გავლენას ახდენს ჩვენი [რუსი და ქართველი] ხალხების ურთიერთობაზე, ზიანს აყენებს რუსეთის ავტორიტეტს და მის სასამართლო სისტემას და რაც მთავარია აჩენს განუკითხაობას… წარმოადგენს დაუშვებელ დისკრიმინაციას და არ შეიძლება განიხილებოდეს, როგორც არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის კანონიერი მეთოდები“,– ნათქვამია პრეს–რელიზში.
ოფიციალური ინფორმაციით, 1 ნოემბრის მდგომარეობით რუსეთიდან 2681 ქართველი იქნა დეპორტირებული არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის მოტივით.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)