ანქვაბი: კოდორში შექმნილი სიტუაცია აფხაზეთის ეკონომიკაზე აისახა

თვითგამოცხადებული აფხაზეთის პრემიერ–მინისტრის ალექსანდრე ანქვაბის განცხადებით, აფხაზეთის ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახა კოდორის ხეობაში შექმნილი ვითარება, იუწყება “აფსნიპრესი“ 8 ნოემბერს.


“კოდორის კრიზისის გამო საჭირო გახდა თავდაცვის სამინისტროს დაფინანსების გაზრდა… მაგრამ ნურავის ექნება იმედი, რომ შეძლებს ეკონომიკურად ჩვენ დახრჩობას იმით, რომ გვაიძულებს დამატებითი თანხების თავდაცვაზე ხარჯვას“, – განაცხადა დე ფაქტო პრემიერ–მინისტრმა.


მან ასევე აღნიშნა, რომ ტურისტულ ბიზნესსზე უარყოფითად იმოქმედა ივლისის ბოლოს კოდორის ხეობაში გართულებულმა სიტუაციამ, როცა იქ საქართველოს ხელისუფლებამ პოლიციური ანტიკრიმინალური სპეცოპერაცია ჩაატარა.


“ჯერ ზუსტი ზარალი არ დაგვითვლია, მაგრამ წინასწარი მონაცემებით, საკურორტო სეზონი, მიუხედავად აფხაზეთის მთიან ნაწილში არასტაბილურობისა, შარშანდელზე ოდნავ უარესი გამოდგა“,  – აღნიშნა ანქვაბმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)