სერგეი ივანოვი კონფლიქტებზე საუბრობს

რუსეთის ვიცე–პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა გაზეთ “იზვესტიაში” დღეს გამოქვეყნებულ ინტერვიუში განაცხადა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ მოიქცევა დასავლეთი კოსოვოს პრობლემის გადაწყვეტისას.


მისი თქმით, რუსეთი პასუხისმგებელია თავის მოქალაქეებზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და ამავე დროს, აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.


“შესაბამისად ითვლება, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს საზღვრებშია“, – განაცხადა ივანოვმა.


მისი თქმით, საქართველოს განვლილ პერიოდში არაფერი გაუკეთებია “თავის ავტონომიებთან“ დიალოგის დასალაგებლად.  თანაც “ძალიან ცოტა დრო გავიდა იმისთვის, რომ დაივიწყო 90–იანი წლების დასაწყისის სისხლიანი მოვლენები და აფხაზური და ოსური მოსახლეობის ეთნიკური წმენდა“, – აღნიშნავს სერგეი ივანოვი.


იმ პირობებში, როცა “თბილისი ამ ერებს თავის იურისდიქციის ქვეშ ძალით დაბრუნებით“ ემუქრება, ივანოვი აცხადებს, რომ “ძნელი სათქმელია, თუ როგორ განვითარდება მოვლენები“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)