სხეფერი საქართველოსადმი ნატოს მოსალოდნელ გზავნილებზე საუბრობს

რიგაში 28-29 ნოემბერს დაგეგმილი სამიტის დროს ნატო რამდენიმე მნიშვნელოვან გზავნილს გააკეთებს საქართველოსთვის, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იააპ დე ჰოოპ სხეფერმა 27 ნოემბერს რიგაში გამართულ პრესკონფერენციაზე.   


მისი თქმით, პირველი, რასაც საქართველო უნდა ელოდოს ნატოსგან, არის ალიანსის “სრული პატივისცემა” საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.


“მეორე ეს არის მოწოდება სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის კონფლიქტების მშვიდობიანი, ვიმეორებ, მშვიდობიანი მოგვარებისკენ“, – განაცხადა სხეფერმა.


მესამე პუნქტად სხეფერმა დაასახელა ნატოს მხარდაჭერა საქართველოში მიმდინარე რეფორმებისადმი ნატოსთან ინტენსიური დიალოგის ფარგლებში.


“ეს არის გზავნილები, რომელსაც მე ველოდები ამ სამიტიდან. მაგრამ როგორ იქნება ეს კონკრეტულად გამოხატული, ეს მე ჯერ არ ვიცი, რადგანაც სამიტი ჯერ არ დასრულებულა. მაგრამ ეს არის ძირითადი პრინციპები, რამდენადაც მე ვიცი და ვფიქრობ ეს მნიშვნელოვანი პრინციპებია“, – განაცხადა სხეფერმა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)