ნოღაიდელი: დეკემბრის ბოლოს გაირკვევა რომელი წყაროებიდან მიიღებს საქართველო გაზს

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე დაადასტურა, რომ საქართველო ოთხი მიმართულებით  – აზერბაიჯანთან, თურქეთთან, რუსეთთან და ირანთან აწარმოებს მოლაპარაკებებს 2007 წლიდან გაზის მოწოდების საკითხებზე.


“უახლოეს პერიოდში თურქეთთან დავასრულებთ მოლაპარაკებებს საქართველოსთვის შაჰდენიზის გაზის რეკონტრაქტირების შესახებ, უახლოეს პერიოდში საბოლოო დეტალები ცნობილი იქნება და შესაბამისად ჩვენ დავიწყებთ ამ საკითხზე კონტრაქტის გაფორმებას“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.


ზურაბ ნოღაიდელი აზერბაიჯანული შაჰდენიზის საბადოებიდან დამატებითი გაზის მოწოდების თაობაზე 30 ნოემბერს მოლაპარაკებებს გამართავს ბაქოში, სადაც ის ენერგეტიკის მინისტრთან ნიკა გილაურთან ერთად გაემგზავრება. 

“მე ვფიქრობ, რომ ეს ზამთარი გახდება აზერბაიჯანულ–ქართული ძმობის ისტორიული დემონსტრაციის მაგალითი”, – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა მას შემდეგ, რაც დსთ–ს მინსკის სამიტის ფარგლებში 28 ნოემბერს შეხვედრა გამართა აზერბაიჯანელ კოლეგასთან ილხამ ალიევთან.  


ამავდროულად, პრემიერ–მინისტრ ნოღაიდელმა დაადასტურა, რომ საქართველოში მოქმედი ყველა გაზის მომხმარებელი კომპანია  პარალელურად მოლაპარაკებებს აწარმოებს “გაზექსპორტთან“ რუსული ბუნებრივი აირის მოწოდებასა და მის ფასზე. “გაზპრომმა“ განაცხადა, რომ საქართველოს 1000 კუბურ მეტრს გაზს 110–ის ნაცვლად 230 აშშ დოლარად მიყიდის მომავალი წლიდან.


პრემიერ–მინისტრის განცხადებით, დეკემბრის ბოლოს “გვექნება უკვე ირანთან ერთობლივი ეკონომიკური კომისია, სადაც საბოლოოდ ჩამოყალიბდება 2007 წლის განმავლობაში რა მოცულობით და რა წყაროებიდან მივიღებთ ჩვენ გაზს“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)