მოსკოვი თბილისს სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული მთავრობის მხარდაჭერისთვის აკრიტიკებს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მერაბ ანთაძე თბილისისადმი ლოიალურად განწყობილი დიმიტრი სანაკოევის საპრეზიდენტო ინაუგურაციის ცერემონიაში მონაწილეობისთვის გააკრიტიკა. ინაუგურაცია 1 დეკემბერს სამხრეთ ოსეთის კოფნლიქტის ზონაში მდებარე სოფელ ქურთაში გაიმართა.
„ცნობილია, რომ ე.წ. ალტერნატიულმა არჩევნებმა, რომელიც 12 ნოემბერს სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ოფიციალური არჩევნების პარალელურად გაიმართა, ვერ მოიპოვა ადგილობრივი მოსახლეობის – როგორც ოსების, ისე ქართველების – მხარდაჭერა. ეს არჩევნები მიზნად ისახავდა იმ დემოკრატიული საარჩევნო პროცესების დისკრედიტაციას, რომელიც რესპუბლიკაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩამოყალიბდა. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს ედუარდ კოკოითს ამომრჩეველთა დიდმა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 5 დეკემბერს გავრცელებულ საინფორმაციო შეტყობინებაში.
„საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, შსკ-ს თანათავმჯდომარის მონაწილეობა [ინაუგურაციაში] „ალტერნატიული“ სტრუქტურების დაკანონების მიზნით, იწვევს შეშფოთებას და აღძრავს დიდი შეკითხვებს ქართული მხარის ვალდებულების მიმართ განაგრძოს ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარება დაინტერესებულ მხარეთა შორის კონსტრუქციული თანამშრომლობის სულისკვეთებით. გარდა ამისა, ამგვარი კონტრპროდუქტიული ნაბიჯები გვაგონებს თბილისის ქმედებებს ზემო კოდორის ხეობაში, რამაც გამოიწვია კონფლიქტის სერიოზული გაუარესება და აფხაზური მხარის უარი ქართულ მხარესთან პირდაპირი კონტაქტების გაგრძელებაზე კოდორიდან ალტერნატიული სტრუქტურების გამოყვანამდე“, – აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.
მოსკოვი აცხადებს, რომ ქართული მხარე კოდორის ხეობაში განხორციელებული ქმედებების მსგავს პოლიტიკას განაგრძობს, ოღონდ ამჯერად სამხრეთ ოსეთში.
„ეს ადასტურებს, რომ ჩვენმა წინა კონტაქტებმა საქართველოსთან მაღალ და უმაღლეს დონეებზე დადებითი შედეგები ვერ მოგვიტანა“, – დასძინა რუსეთის საგარეო უწყებამ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)