ექსპერტი ბიუჯეტის დაგეგმვაში არსებულ ნაკლოვანებებზე საუბრობს

2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს მრავალგზის გადასინჯვა ელის მისი მიღების შემდეგ, რადგანაც კანონპროექტი შეიცავს ფისკალური წლის დაგეგმვაში ნაკლოვანებებს და ასახავს იმ პირთა არაპროფესიონალიზმს, რომელთაც ბიუჯეტის პროექტი შეიმუშავეს, აცხადებს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში რევაზ საყევარიშვილი 20 დეკემბერს გაზეთ “24 საათში“ გამოქვეყნებულ სტატიაში.


2007 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელსაც პარლამენტი ამ დღეებში დაამტკიცებს, გაუმჭირვალეა. მასში დეფიციტი 426 მილიონ ლარამდე იზრდება, ნაცვლად 2006 წელს დაფიქსირებული 286 მილიონი ლარისა, ხოლო დაგეგმილი ინფლაციის დონე, რომელიც 6%-ს შეადგენს, “ძალიან ოპტიმისტურია“, აცხადებს სტატიის ავტორი.


“ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემა, რაც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს ლამის მისი არსებობის მანძილზე ახასიათებს,  ეს არის მცდარი მონაცემებით ოპერირება. ამ პრობლემას ორგვარი ახსნა აქვს: ერთი წმინდა პოლიტიკურია – მაგალითად, ხელისუფლება ყოველთვის ცდილობს, ბიუჯეტი ნაკლები დოზით დაგეგმოს, რათა მერე მობილიზებული მეტი შემოსავლებით მისი გადაჭარებით შესრულების ეფექტი შექმნას… მაგრამ არის მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი პრობლემაც, რომელიც სახელმწიფო მოხელეთა პროფესიონალიზმზე გადის: ბიუჯეტის ავტორები ვერ ახდენენ საშემოსავლო ბაზის რეალურ აღნუსხვას და შემდგომში ყველა საბიუჯეტო პარამეტრის მასთან შესაბამისობაში მოყვანას“, – აცხადებს საყევარიშვილი.


2006 წლის განმავლობაში თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება თავდაპირველად დაგეგმილი 392 მილიონი ლარიდან 605 მილიონ ლარამდე გაიზარდა. 2007 წლის ბიუჯეტის პროექტი თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებას 398 მილიონი ლარით განსაზღვრავს.  ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დაფინანსება 2006 წლის განმავლობაში 76%-ით გაიზარდა.


“ეს უკვე ძალიან ნათელი მაგალითია, რომ დაგეგმვა იმთავითვე არასწორი იყო და ეს პრობლემა საბოლოოდ სწორედაც დამგეგმავთა არაპროფესიონალიზმამდე მიდის“, – აცხადებს საყევარიშვილი.        


 



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)