ბაქოში ყარსი-ახალქალაქი-თბილისის რკინიგზის მშენებლობაზე იმსჯელეს
25 დეკემბერს საქართველოს პრემიერ–მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის ბაქოში ვიზიტის შედეგად მიღწეულია შეთანხმება, რომ მომავალი წლის 10 იანვარს საქართველოს ესტუმრება დელეგაცია და დასრულდება მოლაპარაკებები ყარსი-ახალქალაქი-თბილისის რკინიგზის მონაკვეთის აღდგენასა და მშენებლობაზე.
პრემიერ–მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, რკინიგზის მშენებლობის საკითხი, რომელიც 2007 წლის განმავლობაში დაიწყება, ზურაბ ნოღაიდელის აზერბაიჯანულ მხარესთან საუბრის ერთ–ერთი მთავარი თემა იყო.
25 დეკემბერს ბაქოს ასევე სტუმრობდა შპს “საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორი ირაკლი ეზუგბაია.
აზერბაიჯანული საინფორმაციო წყაროები აზერბაიჯანის პრემიერ–მინისტრის არტურ რასიზადეს ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინებიან, რომ რკინიგზის შესახებ შეთანხმების პროექტი იანვარში იქნება მზად.
თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობის საკითხი ასევე განიხილებოდა გასულ კვირას ანკარაში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის დროს.
თურქეთის მედიის ცნობით, საქართველომ თავი შეიკავა სარკინიგზო პროექტის ხელშეკრულების ხელმოწერისაგან იმის გამო, რომ საჭიროა აზერბაიჯანულმა მხარემ დააფიქსიროს მყარი ვალდებულება პროექტის დაფინანსებასთან დაკავშირებით.
სომხეთი ყარსი-ახალქალაქი-თბილისის რკინიგზის მშენებლობას იმ მოტივით ეწინააღმდეგება, რომ პროექტი კიდევ უფრო მეტ იზოლაციაში მოაქცევს ქვეყანას.
აშშ–ს კონგრესმა დეკემბერში მიიღო აშშ–ს ექსპორტ–იმპორტ ბანკის 2006 წლის აქტი, რომელიც ბანკს უკრძალავს დააფინანსოს ეს სარკინიგზო პროექტი.
ამერიკელმა კონგრესმენმა ჯოზეფ ქროულიმ, რომელიც ლობირებდა ამ საკითხს, 12 დეკემბერს განაცხადა, რომ ეს სადავო რკინიგზის პროექტი “გამოთიშავს სომხეთს და გააგრძელებს ამ კავკასიელი ერის უკანონო ეკონომიკურ ბლოკადას”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)