ცხინვალში ჩრდილოეთ ოსეთის მთავრობის წარმომადგენლობა გაიხსნა
ცხინვალში ჩრდილოეთ ოსეთის მთავრობის წარმომადგენლობა გაიხსნა, რომელსაც გერასიმ ხუგაევი უხელმძღვანელებს, იუწყება 26 დეკემბერს თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.
ხუგაევის განცხადებით, წარმომადგენლობა ხელს შეუწყობს ცხინვალსა და ვლადიკავკაზს შორის ინტეგრაციული პროცესების დაჩქარებას.
თბილისმა უკვე დაგმო ე.წ წარმომადგენლობის გახსნა, როგორც რუსეთის ხელისუფლების “დესტრუქციული ქმედება“.
“საქართველოს სრული იგნორირებით, რუსეთის, როგორც სამშვიდობო პროცესში მედიატორის სტატუსით მონაწილე მხარის, მსგავსი ნაბიჯი წარმოადგენს სამშვიდობო პროცესის ჩიხში შეყვანის მცდელობას… საქართველოს შიდა საქმეებში უხეშად ჩარევის მორიგ ფაქტს“, – აცხადებს კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი 26 დეკემბერს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)