მოსკოვი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსის განსაზღვრაზე არ მუშაობს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს პრესაში გავრცელებულ ვარაუდებს იმის თაობაზე, რომ მოსკოვი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსის განსაზღვრაზე მუშაობს, თუმცა დასძენს, რომ თუ კონფლიქტის მხარეები კონფედერაციულ მოწყობაზე შეთანხმდებიან, რუსეთი წინააღმდეგობას არ გაწევს.
რუსული გაზეთი “კომერსანტი“ დეკემბერში წერდა, რომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტების მოგვარების მიზნით მოსკოვი სპეციალურ გეგმას ამზადებს, რომელიც ეფუძნება კონფედერაციის ტიპის “ერთიანი სახელმწიფოს“ პრინციპს და რომელიც საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს გააერთიანებს.
“პირველ რიგში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსის განსაზღვრასთან დაკავშირებული საკითხები უნდა იქნას განხილული ქართულ–აფხაზური და ქართულ–ოსური კონფლიქტების დარეგულირების პროცესის დამამთავრებელ სტადიაზე“, – ნათქვამია 23 იანვარს რუსეთის საგარეო უწყების საინფორმაციო შეტყობინებაში.
მოსკოვი არ მიღებს რაიმე ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ამ კუთხით “და არავის ვურჩევთ ასე მოიქცნენ, ეს არაშორსმჭვრეტელური ნაბიჯი იქნებოდა“, – აღნიშნავს რუსეთის საგარეო უწყება.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ინიციატივები სტატუსის თაობაზე უნდა მოდიოდეს პირველ რიგში კონფლიქტების მხარეებისგან, მათ შორის შეთანხმებული გადაწყვეტილებების საფუძველზე.
“თუ მხარეები მივლენ, ვთქვათ, კონფედერაციულ საწყისებზე გაერთიანების იდეამდე, ჩვენ, ბუნებრივია, წინააღმდეგობას არ გავწევთ“, – აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.
თუმცა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ედუარდ კოკოითმა მოსკოვში 19 იანვარს გამართული შეხვედრის დროს აღნიშნეს, რომ ამგვარი სპეკულაციები “აბსოლუტურად უსაფუძვლოა“, ნათქვამია საინფორმაციო შეტყობინებაში.
“ორივე მათგანმა ხაზი გაუსვა, რომ კონფლიქტების მოგვარების დროს გათვალისწინებულ უნდა იქნას არსებული რეალობა და ისეთი ფუნდამენტალური ფაქტორი, როგორიცაა აფხაზი და ოსი ხალხის ნება. ასევე მნიშვნელოვანია არ დავუშვათ გაჭიანურებული პაუზები და მოლაპარაკებების პროცესის ჩაშლები, რაც უნდა წარიმართოს უკვე არსებული ფორმატების ფარგლებში“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)