აზერბაიჯანის პრეზიდენტი და თურქეთის პრემიერ-მინისტრი თბილისში ჩამოდიან
დღეს თბილისში ჩამოვიდა აზერბაიჯანის პრეზიდეტი ილჰამ ალიევი და შუადღისთვის ასევე ელოდებიან თურქეთის პრემიერ-მინისტრს რეჯეპ ტაიპ ერდოღანს.
დაგეგმილია პრეზიდენტ სააკაშვილთან სტუმრების ორმხრივი შეხვედრები და შეხვედრა სამმხრივ ფორმატში.
ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება რეგიონალურ პროექტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობაზე შეთანხმებას.
საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები და თურქეთის პრემიერ- მინისტრი ასევე საზეიმოდ გახსნიან თბილისის ახლადაშენებულ საერთაშორისო აეროპორტს.
ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე მხარეები ასევე იმსჯელებენ შაჰ-დენიზის გაზის განაწილების საკითხზეც.
თურქეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად საქართველოში ასევე ჩამოვა ენერგეტიკის მინისტრი ჰილმი გიულერი.
გაზეთი Turkish Daily News-ი იტყობინება თურქეთის ენერგიტიკის სამინისტროს უცნობ წყაროზე დაყრდნობით, რომ ამჟამად შაჰ-დენიზის გაზის გადანაწილებასთან დაკავშირებით ”გამოუვალი მდგომარეობაა”, რადგანაც საქართველომ მეტი გაზი მოითხოვა, ვიდრე ამას თავდაპირველი კონტრაქტი ითვალისწინებდა.
პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი აზერბაიჯანელი კოლეგა თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ჰეიდარ ალიევის სახელობის მემორიალურ დაფას გახსნიან. სანაპიროს ამ მონაკვეთს ილჰამ ალიევის მამის, ჰეიდარ ალიევის სახელი მიანიჭა. თბილისის მერიის ამ გადაწყვეტილებამ უთანხმოება გამოიწვია, რადგანაც მანამდე ეს მონაკვეთი პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელობის იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი და თურქეთის პრემიერ-მინისტრი დღეს საღამოს საქართველოსა და თურქეთის საფეხბურთო ნაკრებთა ამხანაგურ მატჩს დაესწრებიან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)