ვენაში ქართველ დიპლომატთა თათბირი შედგა

ნატოში ინტეგრაცია, ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში ეფექტური მოქმედება, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისთვის საერთაშორისო ძალისხმევის კონსოლიდაცია,  ეკონომიკური და ასევე ენერგო დიპლომატია  – ეს ის მიმართულებებია, რაზეც ევროპის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში აკრედიტებულ საქართველოს ელჩებს მოუწევთ ყურადღების კონცენტრირება.


ამის შესახებ 12 თებერვალს ვენაში ელჩებთან გამართულ თათბირზე იმსჯელეს, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ბარამიძემ, იტყობინება საგარეო უწყება.  


ბეჟუაშვილის განცხადებით, საგარეო პოლიტიკის წარმოების მთავარი პრინციპები უნდა იყოს პროგნოზირებადობა, მდგრადობა და თანმიმდევრულობა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსთვის სტაბილური და სანდო პარტნიორის იმიჯის დამკვიდრებას საერთაშორისო არენაზე.


”ჩვენ გავაგრძელებთ ნატოს წინაშე აღებული ვალდებულებების განხორციელებას და ამავდროულად, შევეცდებით მიღწეული წარმატებების საერთაშორისო არენაზე წარმოჩენით, ხელი შევუწყოთ ნატოს წევრ ქვეყნებში საქართველოსთვის სასურველი პოლიტიკური აზრის ჩამოყალიბებას… [რაც] საშუალებას მოგვცემს ინტენსიური დიალოგის ფორმატიდან გადავიდეთ გაწევრიანების სამოქმედო გეგმაზე”, – განუცხადა გელა ბეჟუაშვილმა ქართველ დიპლომატებს.


მისი თქმით, კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების მიზნით საგარეო დიპლომატია აქცენტს არაეფექტური სამშვიდობო და მოლაპარაკებების ფორმატების უფრო შედეგზე ორიენტირებული ფორმატებით ჩანაცვლების საკითხზე გააკეთებს.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)