სოხუმი რუსეთს აღიარებას საქართველოს ნატოში გაწევრიანებამდე თხოვს
სოხუმი მოსკოვს მოუწოდებს ჩამოაყალიბოს საბოლოო პოზიცია აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით, რათა საქართველოს ნატოში გაწევრიანების შემდეგ ამის გაკეთება გვიანი არ აღმოჩნდეს, განაცხადა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ 16 თებერვალს ”ინტერფაქსის” ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე.
”სრულიად ნათელია, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება და როგორც კი საქართველო ნატოს წევრი გახდება, არც სომხეთს დარჩება სხვა გამოსავალი და აზერბაიჯანი რასაც იზამს თავად განსაჯეთ. ნატო მდინარე ფსოუმდე მოვა, თუ აფხაზეთი ნატოს წინააღმდეგ არ გაიბრძოლებს”, – აცხადებს სერგეი შამბა.
მისი თქმით, რუსეთმა უნდა განსაზღვრის ”სჭირდება კი მას სამხრეთ კავკასია საერთოდ”.
მან ასევე აღნიშნა, რომ აფხაზეთის დღევანდელ პოლიტიკოსებს კარგად ახსოვთ აფხაზეთის ომი, რადგან თავად მონაწილეობდნენ ამ პროცესებში. ”იფიქრებს კი ამგვარად [აფხაზი] პოლიტიკოსების ახალი თაობა, რომელიც ნატოს წევრთა გარემოცვაში აღმოჩნდება?”, – აცხადებს შამბა.
მისი თქმით, დამოუკიდებლობის მისაღებად აფხაზეთს უფრო მეტი საფუძველი გააჩნია, ვიდრე კოსოვოს.
დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი პრესკონფერენციაზე ასევე შეეხო დევნილების დაბრუნების თემას და აღნიშნა, რომ გალის გარდა აფხაზეთის სხვა რაიონებში ქართველ დევნილთა დაბრუნება ამ ეტაპზე შეუძლებელია.
მისი ინფორმაციით, 20 თებერვლისთვის მოსკოვში აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და დნესტრისპირეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბებიან ამ სამი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ურთიერთობების განხილვის მიზნით.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)