ცხინვალი ბიზნესის განვითარებაში 380 ათასი დოლარის ჩადებას გეგმავს

სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაში 10 მილიონი რუსული რუბლის (დაახლოებით 381 200 აშშ დოლარის) ჩადებას გეგმავს, განაცხადა დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა იური მოროზოვმა სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტისთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც 23 თებერვალს გამოქვეყნდა.


”მარტიდან ჩვენ დავიწყებთ მცირე საწარმოების განვითარების მიზნით პროექტების დაფინანსებას”, – განაცხადა მოროზოვმა, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.


ცოტა ხნის წინ სოფელ ქურთაში განთავსებულმა სამხრეთ ოსეთის ალტერნატიულმა მთავრობამ განაცხადა, რომ ფართომასშტაბიან საინვესტიციო პროგრამას გეგმავს, რომელიც რეგიონში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას ისახავს მიზნად.


21 თებერვალს საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ ის 3,5 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას გეგმავს თვითგამოცხადებული რეგიონის თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მიზნით.


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა იური მოროზოვმა ასევე განაცხადა, რომ მისი მთავრობა აპირებს განიხილოს ”სახელმწიფო საწარმოების და მიწის ნაკვეთების” პრივატიზაციის საკითხი.


”მიუხედავად იმისა, რომ საპრივატიზაციო პროგრამა უკვე შემუშავებულია, დოკუმენტი ჯერ არ დაუმტკიცებია მთავრობას. მისი დამტკიცება უახლოეს მომავალში მოგვიწევს… ყოფილა შემთხვევები, როდესაც პოტენციურ ინვესტორებს უარი უთქვამთ სახელმწიფო საწარმოებში ინვესტიციების განხორციელებაზე”, – განაცხადა მოროზოვმა.


მან ასევე აღნიშნა, რომ სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება ასევე განიხილავს ”ახალი მინი ჰიდროელექტროსადგურის” მშენებლობის საკითხს მდინარე დიდ ლიახვზე, ოსურ სოფელ გუფთასთან.


”ჩვენ ამ პროექტზე მოლაპარაკებებს ვმართავთ ”რაო ეესთან” [რუსული ენერგოკომპანია] და დაღენერგოსთან [დაღესტნის სახელმწიფო ენერგოკომპანია]”, – განაცხადა მოროზოვმა.


მისი თქმით, ეს მოლაპარაკებები გაიწელა, ”მაგრამ ამ საკითხს წელს მოვაგვარებთ”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)