სააკაშვილმა ტრანსპორტის მარეგულირებელი კომისია გააუქმა
პრეზიდენტმა სააკაშვილმა ეკონომიკის სამინისტროს ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დაუყოვნებლივ დახურვა მოთხოვა, რომელიც მისი თქმით, ბიუროკრატიული ”წურბელაა”.
”შეიქმნა ასეთი წურბელა, რომელიც იკვებება იმით, რომ თითოეულ მგზავრს, რომელიც დაფრინავს საქართველოში, რომელიც შემოდის საზღვაო გზით გადაახდევინოს მეტი… კერძოდ, ყოველ გადაყვანილ მგზავრზე 5 აშშ დოლარი, ყოველ საავტომობილო ნებართვაზე 60 ლარი, ყოველი გემის შემოსვლაზე 100 აშშ დოლარი… 217 თანამშრომელი, 217 წურბელა მუშაობს [ამ სტრუქტურაში]”, – განაცხადა პრეზიდენტმა 21 თებერვალს მთავრობის სხდომაზე.
”დღეს 6 საათამდე ყველა თანამშრომელი დაცლის კაბინეტებს. ვავალებ ეკონომიკის სამინისტროს, რომ დაადოს ბოქლომი ამ უწყებას. გადაანაწილოს თანამშრომლები, რომ უმუშევრობა არ შეიქმნას. დღესვე ჩემი სიტყვიერი განკარგულებით, რომელიც შემდგომ კვირაში კანონთან მოვა შესაბამისობაში პარლამენტის გადაწყვეტილებით – ყოველგვარი დამატებითი გადასახადების ამოღება ამ პარაზიტის მიერ ერთხელ და სამუდამოდ შეწყდეს. თუ საჭიროა პოლიციაც დაიხმარეთ. წადი [მიმართა ეკონომიკის მინისტრს გიორგი არველაძეს] რკინეულობის მაღაზიაში და იყიდე დიდი პლომბები და ეს უწყება დახურე. აწი დავხურავ ასე ყველაფერს, რამდენიც უნდათ პარლამენტში ალობიროს. მე მაინტერესებს ერთი რაღაცა, რომ საზოგადოება და მოქალაქეები დაცული იყვნენ სხვადასხვა სპეციალური ინტერესებისაგან”, – განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, ტრანსპორტის მარეგულირებელი კომისია შეიქმნა იმ კორუფციული კანონის საფუძველზე, რომელიც პარლამენტმა მიიღო.
”პარლამენტში არის სრულიად ჯანსაღი უმრავლესობა და მე მართლა მიმაჩნია, რომ იყო სრული კურიოზი, რომ ის [კანონი] გაძვრა. იმიტომ, რომ ამ დროს ყველანი დაკავებულები ვიყავით საკონსტიტუციო ცვლილებებით, ბევრი სხვა რეფორმატორული კანონით და ამასობაში, ვიღაცამ ჩათვალა, რომ კარგი დროა [ამ კანონის ლობირებისთვის]”, – განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, მზად არის კანონპროექტი ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გაუქმების თაობაზე, რომლის დეტალებიც უკვე შეთანხმებულია პარლამენტთან.
სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მთავრობამ თვალი უნდა მიადევნოს სხვა მარეგულირებელი კომისიების მუშაობასაც.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)