პრეზიდენტი ცხინვალის მშვიდობიანი ინტეგრირების გზებზე საუბრობს
პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით, ძალადობა და არეულობა საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას შეაჩერებს, თბილისის მიზანი კი არის ის, რომ კონფლიქტური რეგიონებისთვის მიმზიდველი სწორედ ეკონომიკური აღმავლობის ხარჯზე გახდეს.
”7 ათასი ადამიანი ცხოვრობს ცხინვალში. როცა თბილისში აშენდება ყველა ეს ცათამბჯენი და აშენდება 2 წელიწადში, მაქსიმუმ 3 წელიწადში; როცა თბილისიდან ცხინვალამდე ავტობანის მეშვეობით გზა იქნება 40-45 წუთი და როცა ცხინვალი იქნება ის, რაც დღეს არის ისევ, როგორ ფიქრობთ ეს 7 ათასი კაცი იჯდება ისევ, პოსტებზე ივლის ავტომატებით ხელში ძალაყინივით მხარზე გადებული, თუ ჩამოვა თბილისში და აქ მიჰყოფს საქმეს ხელს?”, – განაცხადა დღეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა თბილისის მერიაში ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე.
მთავრობა ცხინვალის რეგიონის თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მართომასშტაბიან სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს, რისთვისაც 6 მლნ ლარია გამოყოფილი.
”უფრო მეტიც, თამარაშენში რომ გავხსნით დისკოთეკას ახლა თვენახევარში თავის კინოთეატრთან და სპორტის სასახლესთან ერთად, სად წავა თუ იცით ცხინვალის ახალგაზრდობა საღამოს? რითი დაკავდება ავტომატების სროლით დისკოთეკის მიმართულებით თუ დადებს ავტომატს სახლში და წავა დისკოთეკაზე თანამემამულეებთან ერთად”, – აცხადებს პრეზიდენტი.
”მე ამ განცხადებას რომ ვაკეთებ, ზუსტად ვიცი, რომ გამოჩნდება ხალხი, რომელიც გამოყოფს ფულს რომ ცხინვალშიც აშენდეს კარგი დისკოთეკა და მე ამას მხოლოდ მივესალმები იმიტომ, რომ მაშინ გვექნება ორი დისკოთეკა ცხინვალში და თამარაშენში. ახლა გაზი შეგვყავს ყველა იმ სოფლებში, რომელსაც ვერ ვაკონტროლებთ და გვინდა ცხინვალშიც შევიყვანოთ და სასწრაფოდ გამოიყო ფული იქ გაზის შემოყვანაზე [რუსეთიდან]. კიდევ უფრო კარგი, ჩვენ დაგვეზოგება ფული, თუმცა ეს რა თქმა უნდა საერთაშორისო თამაშის წესებში არ ჯდება. ასე, რომ გამოსავალი ყოველთვის არსებობს ყველა სიტუაციიდან”, – დასძენს საქართველოს პრეზიდენტი.
მისი თქმით, ადამიანებს, მათ შორის სამხრეთ ოსეთში, ბუნებრივი მოთხოვნილება აქვთ კარგ ცხოვრებაზე.
”არის ასეთი ტელევიზია ”ალანია”, მე ვუყურებ საღამოობით და უყურებს ცხინვალის მოსახლეობის 95%, ეს ვიცით ყველანაირი გამოკითხვებით, და ყველაზე პოპულარულია მუსიკალური შოუ ”მაშა და გოშა”… სადაც მოვისმინე ერთხელ დარეკა ცხინვალელმა ბიჭმა და წამყვანი ეუბნება საღამოობით რას აკეთებო, კაფეებში დადიხარ, დისკოთეკებზეო? აქ კაფეები და დისკოთეკები არ გვაქვს ცხინვალშიო. მაშინ მაღაზიებში დადიხარ ალბათო? არა სუპერმარკეტებიც არ გვაქვსო. აბა რას აკეთებო? ბიძაჩემის გაზ-21-ით ვსეირნობ საღამოობითო. რატომ ვყვები ახლა ყველაფერ ამას. დადგეს დიდი ჩამხშობები და ყველაზე ინტენსიურად ახშობენ ”ალანიას” შოუს” მაშას და გოშას”. აი ეს არის აბსურდულობა სიტუაციის, როცა იმ პატარა ქონდრის კაც ხელისუფლებას ეშინია ”მაშასი და გოშასი”, ეს ნიშნავს რომ დიდი მომავალი მას ნამდვილად არ უწერია და ამიტომ ვარ მშვიდად”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)