სააკაშვილი სამხრეთ ოსეთის ალტერნატიულ ლიდერს ხვდება

პრეზიდენტი სააკაშვილი 19 მარტს სამხრეთ ოსეთის ალტერნატიულ ლიდერს დიმიტრი სანაკოევს შეხვდა. ამ შეხვედრას წინ უძღოდა საქართველოს პრეზიდენტის განცხადება, რომ თბილისი მზადაა ”ოფიციალური ურთიერთობები” დაიწყოს ქურთაში განთავსებულ ალტერნატიულ ხელისუფლებასთან. 


”ბატონი დიმიტრის გაცნობა პირადად მინდოდა. დიდი ხანია მას თვალყურს ვადევნებ, თუმცა აქამდე არასდროს არ შევხვედრივართ. მართლაც უნიკალური შესაძლებლობაა მშვიდობისთვის ის, რომ მან ამდენად კარგი ურთიერთობა დაამყარა მთელ ადგილობრივ მოსახლეობასთან, როგორც ეთნიკურ ქართველებთან, ისე ეთნიკურ ოსებთან”, – განუცხადა სააკაშვილმა ჟურნალისტებს სანაკოევთან გამართული შეხვედრის შემდეგ.


პრეზიდენტის შეხვედრა სანაკოევთან და მისი ადმინისტრაციის წევრებთან სოფელ ქურთაში შედგა. წელს სააკაშვილის ეს უკვე მესამე ვიზიტი იყო კონფლიქტის ზონაში.


”ვფიქრობ საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის ასეთ პატრიოტებს ერთი რამ აერთიანებს – ჩვენი და მათი საერთო მომავალი. ჩვენ ერთი მიმართულებით მივდივართ – ეს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი გაერთიანებაა… მე მართლაც მინდა გითხრათ, რომ საკუთარი ქვეყნისა და ხალხის პატრიოტებისთვის საერთო ენის გამონახვა ძალზე ადვილია”, – განაცხადა სააკაშვილმა.


”ჩვენ გავაგრძელებთ ამ დიალოგს და ამ ურთიერთობებს”, – დასძინა მან.


საქართველოს პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლება განაგრძობს ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტებს კონფლიქტის ზონის ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.


”ჩვენ ვასრულებთ ხეობის მოსახლეობითვის მიცემულ დაპირებას – უკეთეს კულტურულ და საგანმანათლებლო ობიექტებს, უკეთეს ჯანდაცვას და გაუმჯობოსებულ ინფრასტრუქტურას. ერთი სიტყვით, რაც უფრო შეგვიწყობს ხელს ამინდი, მით სწრაფი ტემპითა და დიდი მონდომებით გაკეთდება ყველაფერი”, – განაცხადა სააკაშვილმა.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა 15 მარტს პარლამენტში თავის ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა, რომ თბილისმა უნდა დაიწყოს ”ოფიციალური ურთიერთობები და მოლაპარაკებები” სანაკოევის ადმინისტრაციასთან.


სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ და მოსკოვმა გააფრთხილეს, რომ თბილისის ურთიერთობები სამხრეთ ოსეთის ე.წ. ალტერნატიულ ხელისუფლებასთან კიდევ უფრო გაართულებს კონფლიქტის მოგვარების პროცესს.


სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელისუფლების ყოფილი თავდაცვის მინისტრი დიმიტრი სანაკოევი სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული ლიდერი გასული წლის ნოემბერში გახდა.


ამავდროულად, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა, რომელიც ამჟამად მოსკოვში იმყოფება, 19 მარტს უარყო პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ თავის ყოველწლიურ მოხსენებაში შემოთავაზებული წინადადება ”ევროპული სტანდარტების შესაბამისი ფართო ავტონომიის მინიჭების” თაობაზე. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)