საქართველო რუსეთთან ევროსასამართლოში დავას ოპტიმისტურად უყურებს
საქართველომ 26 მარტს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეიტანა სახელმწიფოთაშორისი განაცხადი, რომლითაც მოითხოვს გასული წლის 27 სექტემბრიდან რუსეთში საქართველოს მოქალაქეებისა და ქართველი ეროვნების მქონე პირების უფლებების უხეში დარღვევების აღიარებას და დეპორტაციის პროცესში მათთვის მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებას.
70-გვერდიანი სარჩელი, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ ბრიტანელი კონსულტანტების დახმარებით მოამზადა, მოიცავს, საქართველოს მტკიცებით, იმ ქსენოფობიური აქტების შეფასებასაც, რომელთაც ადგილი ჰქონდა რუსეთში გასული წლის შემოდგომაზე მას შემდეგ, რაც ჯაშუშების სკანდალის გამო მკვეთრად დაიძაბა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები.
სარჩელი ასახავს 150 დეპორტირებულის საქმეს, რომელიც საქართველოს მხარემ ყველაზე მძიმედ მიიჩნია ასობით შემთხვევას შორის. მათ შორისაა დეპორტაციის პროცესში გარდაცვალების 3 შემთხვევა. წარდგენილია საკმაოდ მოცულობითი მტკიცებულებები როგორც წერილობითი ფორმით, ასევე ვიდეო-მასალა, რომელიც მოიცავს დეპორტირებულების ინტერვიუებს და ახსნა-განმარტებებს.
“ჩვენ გვსურს, რომ სასამართლომ სამართლებრივი შეფასება მისცეს ყველა იმ ადამიანის უფლებათა დარღვევას, რომლებიც განხორციელდა… შეიძლება სასამართლომ დააკისროს მათ სამართლიანი დაკმაყოფილების განსაზღვრა, რაც მოიცავს მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებას ყველა იმ პირთან მიმართებაში, რომელთა მიმართაც დადგენილი იქნება უფლებების დარღვევა, ისევე როგორც რუსეთის ფედერაციას, სავარაუდოდ, მიეთითება მინისტრთა კომიტეტის მიერ ინდივიდუალური და ზოგადი ღონისძიებების განხორციელება, რომ მომავალში ანალოგიურ ფაქტებს არ ჰქონდეს ადგილი უცხოელებთან მიმართებაში”, – განაცხადა ევროსასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენელმა ბესარიონ ბოხაშვილმა 27 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ჯერ-ჯერობით არ ექვემდებარება გამჟღავნებას იმ კომპენსაციის ოდენობა, რომელსაც საქართველოს მხარე მოითხოვს რუსეთისგან, მათ შორის იმ ხარჯების სრულად ანაზღაურებასთან დაკავშირებით, რომელიც გაწია მთავრობამ სახელმწიფოთაშორისი განაცხადის მომზადებისა და მტკიცებულებების დამაგრების პროცესში.
საქართველოს მთავრობა თავის განაცხადში თხოვნით მიმართავს ევროპულ სასამართლოს, დაადგინოს რუსეთის ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული, ევროპული კონვენციითა და მისი თანდართული ოქმებით უზრუნველყოფილი შემდეგი უფლებების დარღვევა:
- კოლექტიური გაძევების აკრძალვა: განხორციელდა ქართველებისა და საქართველოს მოქალაქეების კოლექტიური დეპორტაცია;
- უცხოელთა გაძევებასთან დაკავშირებული პროცედურული გარანტიები: დეპორტირებულებს არ მიეცათ საშუალება, წამოეყენებინათ არგუმენტაცია რუსეთის ფედერაციიდან მათი გაძევების საწინააღმდეგოდ;
- სიცოცხლის უფლება: დეპორტაციისას სათანადო და ადეკვატური სამედიცინო დახმარების არარსებობის გამო გარდაიცვალა რამდენიმე ადამიანი;
- წამების აკრძალვა: დეპორტირებულები დაკავებულები იყვნენ აუტანელ პირობებში;
- თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება: განხორციელდა დეპორტირებულთა თვითნებური დაკავება და მათ არ მიეცათ პატიმრობის კანონიერების გადასინჯვის მოთხოვნის წარდგენის საშუალება;
- პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება: სკოლების დირექციების მიერ სამართლებრივი ბაზისა და მწვავე სოციალური აუცილებლობის გარეშე გაცემული იყო ქართველ მოსწავლეთა შესახებ არსებული პირადი ინფორმაცია;
- საკუთრების უფლება: დეპორტირებულ ქართველებსა და საქართველოს მოქალაქეებს დეპორტაციის შემდგომ შეეზღუდათ რუსეთის ფედერაციაში მათ საკუთრებაში არსებულ ქონებაზე ხელმისაწვდომობა;
- განათლების უფლება: რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მიერ სკოლების დირექციებისადმი დაიგზავნა მოთხოვნა, რომლის თანახმად სკოლის ადმინისტრაციები ვალდებულნი იყვნენ, მიეწოდებინათ ინფორმაცია ადგილობრივი მილიციის განყოფილებებისათვის ქართველი ეროვნების მქონე მოსწავლეების შესახებ; საქართველოში რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში შემავალ სკოლებში ქართველი ეროვნების მოსწავლეების დასწრება და მასწავლებლების მუშაობა შეჩერდა;
- სამართლებრივი დაცვის ეფექტური საშუალება: საქართველოს მოქალაქეებსა და ქართველებს არ მიეცათ დარღვეულ უფლებებთან დაკავშირებით სამართლებრივი დაცვის მექანიზმის გამოყენების საშუალება;
- დისკრიმინაციის აკრძალვა: დეპორტაცია განხორციელდა კონკრეტული ეროვნული და მოქალაქეობრივი ნიშნით;
კონვენციით უზრუნველყოფილ უფლებათა შეზღუდვა იმ მოტივებისა და მიზნების გარეშე, რომელთაც ითვალისწინებს კონვენცია.
”რა თქმა უნდა, რუსეთის მხარე იტყვის, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა, მაგრამ ეს საბოლოო ჯამში სასამართლოს გადასაწყვეტია ჩვენ ვართ მართლები თუ ისინი [რუსული მხარე]. თავად ის ფაქტი, რომ განაცხადი შევიტანეთ მიანიშნებს, რომ ამისთვის საკმარისი საფუძველი გვქონდა”, – განუცხადა ”სივილ ჯორჯიას” ბოხაშვილმა, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს მხარის ინტერესებს დაიცავს.
ქართული მხარე იმედოვნებს, რომ ევროპული სასამართლო არსებით განხილვაზე მიიღებს აღნიშნულ სარჩელს.
”სახელმწიფო სახელმწიფოს წინააღმდეგ სარჩელების განხილვას ევროპის სასამართლო გარკვეულ პრიორიტეტებს ანიჭებს და მომეტებული დამაჯერებლობით შეიძლება ითქვას, რომ სასამართლო ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ მოუნდება აღნიშნული საქმის განხილვას”, – აღნიშნავს ბოხაშვილი.
იმ ასი ათასობით საქმიდან, რომელსაც განიხილავს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო, იყო სულ 5 საქმე სახელმწიფო სახელმწიფოს წინააღმდეგ ტიპის. აქედან 2 შემთხვევაში განმცხადებელმა მოიგო.
საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საქმე იქნება პირველი სახელმწიფოთაშორი განაცხადი მას შემდეგ, რაც 1998 წელს ევროსასამართლოს რეფორმა ჩატარდა.
ამავდროულად, ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენცია ქართულ და რუსულ მხარეებს უტოვებს თეორიულ შანსს, რათა დავა ”მეგობრული მორიგების” გზით მოაგვარონ, თუმცა საქართველო ამ ვარიანტს ამ ეტაპზე არ განიხილავს.
მეგობრული მორიგება ნიშნავს იმას, რომ განმცხადებელი უკან გამოიტანს განაცხადს გარკვეული კომპენსაციის თუ შეთანხმების საფუძველზე, რომელსაც მიაღწევს მეორე მხარესთან.
”თუმცაღა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამ წუთში აღნიშნული საკითხი არ განიხილება… იქნება თუ არა მოლაპარაკებები მეგობრულ მორიგებასთან დაკავშირებით, ეს უკვე მომავლის საქმეა და დამოკიდებულია ქვეყნის უმაღლეს ხელისუფლებაზე”, – აცხადებს ევროსასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენელი.
სახელმწიფოთაშორისი სარჩელის პარალელურად რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში წარსადგენად დეპორტირებული მოქალაქეები ამზადებენ ინდივიდუალურ სარჩელებსაც.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)