პრეზიდენტს ახალი საპარლამენტო მდივანი ჰყავს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დიმიტრი ქიტოშვილი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დაინიშნა.


”შევითავსებ რამდენიმე ფუნქციას დაკავშირებულს იგივე პრეზიდენტის ურთიერთობასთან პარლამენტთან, ასევე ნაწილობრივ რეგიონალურ ხელისუფლებასთან, ასევე შეიძლება დაემატოს ამას მედიასთან ურთიერთობის ფუნქციაც. აქედან გამომდინარე, საკეთებელი საქმე ნამდვილად ბევრი მექნება,”- განუცხადა ”რუსთავი2”-ს დიმიტრი ქიტოშვილმა.

2003 წლის ბოლოდან ქიტოშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობდა, მანამდე კი იგი საადვოკატო სფეროში საქმიანობდა. 2004 წლის ივნისიდან იგი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე გახდა.


პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობა კი ვაკანტური მას შემდეგაა, რაც ყოფილი საპარლამენტო მდივანი პავლე კუბლაშვილი 2005 წლის ოქტომბერში დეპუტატად აირჩიეს.


დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისია შესაძლოა საერთოდ გაუქმდეს. თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ეს არ დაადასტურეს.


მათი თქმით,  მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდება, მანამდე კი მოვალეობას ერთ-ერთი მოადგილე შეასრულებს.     

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)