გაეროს უშიშროების საბჭო აფხაზეთზე რეზოლუციაში პროგრესს აღნიშნავს

გაეროს უშიშროების საბჭო აფხაზეთის შესახებ 13 აპრილს მიღებულ რეზოლუციაში აღნიშნავს რა პროგრესს მოუწოდებს ქართულ მხარეს უზრუნველყოს კოდორის ხეობაში სიტუაციის შესაბამისობა 1994 წლის მოსკოვის შეთანხმებასთან, ხოლო აფხაზურ მხარეს თავშეკავებას ურჩევს ხეობაში ”საქართველოს ვალდებულებებთან დაკავშირებით”.

რეზოლუცია ასევე ორივე მხარეს მოუწოდებს ყველა არსებული მექანიზმის ფარგლებში დიალოგისკენ, რათა საფრთხე არ შეექმნას სამშვიდობო პროცესს. 


გაეროს უშიშროების საბჭომ კიდევ 6 თვით  – 15 ოქტომბრამდე – გაუგრძელა მანდატი გაეროს დამკვირვებელთა მისიას საქართველოში და მოუწოდა მხარეებს ითანამშრომლონ მისიასთან და დსთ-ს სამშვიდობო ძალებთან, რომლებიც ”მნიშვნელოვან მასტაბილიზირებელ როლს თამაშობენ კონფლიქტის ზონაში”. 


გაეროში საქართველოს ელჩმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ  რეზოლუციაში ქართული მხარის ყველა ძირითადი მოთხოვნაა ასახული და აღნიშნულია პროგრესი წინამორბედი რეზოლუციის მოთხოვნების შესრულებაში.


”რეზოლუციაში ყველა ძირითადი კომპონენტი, რომელიც ჩვენ გვსურდა, ასახულია. პირველ რიგში, ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა და დადასტურება, რომ კონფლიქტი ე.წ. ბოდენის დოკუმენტის თანახმად უნდა მოგვარდეს,”- განაცხადა ირაკლი ალასანიამ უშიშროების საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ნიუ-იორკში. 

ე.წ. ბოდენის დოკუმენტი – “თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილების გამიჯვნის ძირითადი პრინციპების შესახებ”-ითვალისწინებს საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის სტატუსის საკითხს.


მისი თქმით, რეზოლუცია პირველად უსვამს ხაზს, რომ აფხაზეთში უნდა დაბრუნდეს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა ის ახალგაზრდა თაობაც, რომელიც პოსტ-კონფლიქტურ პერიოდში დაიბადა.


ალასანიამ ასევე იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო 6 თვეში, ახალი რეზოლუციის მიღებამდე, რეალურად დაიძვრება ადგილიდან დევნილთა აფხაზეთში დაბრუნების პროცესი.


მისი თქმით, რეზოლუცია აღნიშნავს მნიშვნელოვან პროგრესს უშიშროების საბჭოს ოქტომბრის რეზოლუციის შესრულებაში, სადაც ძირითადი აქცენტი ზემო კოდორის ხეობაზე კეთდებოდა. ალასანიას განცხადებით, აფხაზეთის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის ბოლო ორ მოხსენებაში დადასტურებულია, რომ კოდორის ხეობაში საქართველოს ქმედებები შეესაბამება მოსკოვის 1994 წლის შეთანხმებას, ”რაც ჩვენი ვალდებულებაა”.

რეზოლუცია გმობს 11 მარტს ზემო აფხაზეთის სოფლებზე განხორციელებულ თავდასხმას და მოუწოდებს მხარეებს მხარდაჭერა აღმოუჩინონ ერთობლივ შემსწავლელ ჯგუფს, რომელიც ინციდენტის გამოძიებას გაეროს მისიის ხელმძღვანელობით აწარმოებს.


”ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს ნათელი დაგმობა ზემო კოდორის ხეობაში 11 მარტს მომხდარი თავდასხმის და ველოდებით გამოძიების საბოლოო შედეგებს,”- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

ამავე დროს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 13 აპრილს გამოქვეყნებულ კომენტარებში ნათქვამია, რომ ”უშიშროების საბჭო მოუწოდებს აფხაზურ მხარეს, თავი შეიკავოს ქართული მხარის მიერ ზემო აფხაზეთში გადადგმული პოზიტიური ნაბიჯების წინააღმდეგ მიმართული რაიმე ქმედებისაგან”.


ამავე ინფორმაციით, უშიშროების საბჭო მოუწოდებს ორივე მხარეს დიალოგისკენ.

”ეს ქართული მხარის შეთავაზებული იდეაა, რომ არსებობდეს პირდაპირი დიალოგი აფხაზურ მხარესთან, რათა გადაწყდეს ცნობილი საკითხები. ასე, რომ ვფიქრობ, რეზოლუცია კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია კონფლიქტის მოგვარებისაკენ,”- განაცხადა 13 აპრილს ირაკლი ალასანიამ.


იმავდროულად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დღეს 17:07 საათზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ რუსულმა მხარემ მხარი დაუჭირა რეზოლუციის მიღებას იმის გამო, რომ მასში აისახა ”რუსული პრიორიტეტები”.


”აღნიშნული რეზოლუცია, რომლის შეთანხმებაშიც რუსეთის ფედერაციამ ყველაზე აქტიური მონაწილეობა მიიღო, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდა ქართულ-აფხაზური დარეგულირების საქმეში წინსვლისთვის. პრინციპული მომენტი მდგომარეობს იმაში, რომ ეს გადაწყვეტილება არაორაზროვნად ადასტურებს წინამორბედ რეზოლუციას და მის საკვანძო მომენტებს,”- აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.


”რუსეთის დაჟინებული მოთხოვნის შედეგად რეზოლუციაში ჩართულია მოწოდება ქართული მხარისადმი უზრუნველყოს, რომ სიტუაცია ზემო კოდორის ხეობაში შეესაბამებოდეს 1994 წლის 14 მაისის მოსკოვის შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ”, – აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება. 


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გამოხატავს უკმაყოფილებას იმის გამო, რომ თვითგამოცხადებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი შამბას არ მიეცა საშუალება გამოსულიყო უშიშროების საბჭოს წინაშე, რადგან ”აშშ-მ მას არ მისცა ვიზა”.


”რუსეთის ფედერაცია იმედოვნებს, რომ გაეროს უშიშროების საბჭოში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის განხილვის შემდგომ ეტაპებზე აღმოიფხვრება ხელოვნური წინააღმდეგობა საბჭოს წევრებთან შამბას პირდაპირი ურთიერთობისადმი,”- აცხადებს ოფიციალური მოსკოვი.


ქართულმა მხარემ ”უცნაურად” მიიჩნია შამბას აქტიური ლობირება რუსეთის მიერ.


”პირველ რიგში ძალიან უცნაურია, როცა რუსეთი აყენებს საკითხს უშიშროების საბჭოზე შამბას დასწრებასთან დაკავშირებით  და მეორეს მხრივ, უცნაურია, როცა რუსეთი არის კონფლიქტის შუამავალი, ასე მხარს უჭერს სეპარატისტულ რეჟიმს,”- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.


მან ასევე დასძინა, რომ სერგეი შამბას კიდევ არაერთი შანსი ექნება გამოხატოს თავისი პოზიცია გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების წინაშე ჟენევის ფორმატში.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)