სასამართლოს სისტემაში დაგეგმილი ინიციატივები დაპირისპირებას იწვევს
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გააკრიტიკეს საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივა სისხლის სამართლის კოდექსიდან იმ დებულების ამოღების თაობაზე, რომელიც უკანონო გადაწყვეტილებისთვის მოსამართლეთა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
კოდექსის შესაბამის მუხლში ნათქვამია, რომ მოსამართლე შეიძლება დაჯარიმდეს ან ხუთ წლამდე პატიმრობა მიესაჯოს იმ შემთხვევაში, თუ ის უკანონო გადაწყვეტილებას მიიღებს.
”ხელისუფლებას სურს, რომ ამოიღოს ეს მუხლი, რათა დამატებითი გარანტიები შეუქმნას არაკეთილსინდისიერ მოსამართლეებს, როგორებიც იყვნენ ის მოსამართლეები, რომელთაც გირგვლიანის და რობაქიძის სასამართლო პროცესები მიჰყავდათ,” – განაცხადა დეპუტატმა კახა კუკავამ კონსერვატორული პარტიიდან 12 ივნისს.
თუმცა, სახალხო დამცველი სოზარ სუბარი მიესალმა ამ ინიციატივას. 13 ივნისს რადიო ”თავისუფლების” თბილისის ბიუროსთვის მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ეს პუნქტი საშუალებას აძლევს პროკურორებს სისხლის სამართლის საქმე აღძრან მოსამართლის წინააღმდეგ ”კანონის ინტერპრეტაციის” გამო.
”კანონის თავისებური ინტერპრეტაცია მოსამართლეზეა დამოკიდებული. კანონში სხვა პუნქტებიც არსებობს, რომელიც მოსამართლის დასჯას ითვალისწინებს, თუ მოსამართლე კორუფციული გარიგების ან სხვა რაიმე ზეწოლის შედეგად მიიღებს გადაწყვეტილებას,”- განაცხადა სუბარმა.
ოპოზიციამ ასევე გააკრიტიკა საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი ინიციატივა, რომელიც სასამართლო პროცესებზე მედიის მიერ ვიდეო და აუდიო ჩაწერის აკრძალვას ითვალისწინებს.
”მთავრობამ გადაწყვიტა წაართვას ჩვენ საზოგადოებას შესაძლებლობა გაიგონ რა ხდება სასამართლო დარბაზებში,” – განაცხადა კუკავამ.
თუმცა, დეპუტატმა ნინო კალანდაძემ ნაციონალური მოძრაობიდან ამ განცხადებას უსაფუძვლო უწოდა.
”მხოლოდ ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გაკეთება აიკრძალება; თუმცა არავინ აპირებს აუკრძალოს ჟურნალისტებს დაესწრნონ სასამართლო სხდომებს,” – განაცხადა ნინო კალანდაძემ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ.
სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა გააკრიტიკა ეს ინიციატივა და განაცხადა, რომ ამ აკრძალვის დაწესება არასწორია იმ ქვეყნისთვის, სადაც სასამართლო სისტემა გარდამავალ პერიოდში იმყოფება და რეფორმები მიმდინარეობს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)