სააკაშვილი ბურჯანაძის კრიტიკული გამოსვლის შემდეგ უმრავლესობას ხვდება

პრეზიდენტი სააკაშვილი დღეს საღამოს, კანცელარიაში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს შეხვდება, სადაც სავარაუდოდ იმ უთანხმოების მოგვარებას შეეცდება, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კანდიდატურასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის მწვავე განცხადებებმა გამოიწვია.


შეხვედრას ასევე დაესწრება ნინო ბურჯანაძე, რომელმაც 4 სექტემბერს ღიად გამოხატა უკმაყოფილება იმის გამო, რომ მთავრობაში საკადრო ცვლილებები და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კანდიდატურის შერჩევა მასთან შეთანხმების გარეშე განხორციელდა.  მან ყოფილი ფინანსთა მინისტრის, ლექსო ალექსიშვილის კანდიდატურას ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე უარყოფითად შეაფასა იმ მოტივით, რომ ის ვერ იქნება მთავრობისაგან დამოუკიდებელი ფიგურა. 


ამ დაპირისპირებამ საპარლამენტო უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ზოგიერთი მათგანი ბურჯანაძეს ემხრობა, ხოლო ზოგს ალექსიშვილის კანდიდატურა მისაღებად მიაჩნია.


”მე მიმაჩნია, რომ ალექსიშვილის კანდიდატურა მაინც უნდა იქნას განხილული,”- განაცხადა დეპუტატმა პავლე კუბლაშვილმა ”ნაციონალური მოძრაობიდან” 5 სექტემბერს.   


თუმცა, მმართველი პარტიის უმეტესობა დაბნეულად გამოიყურება და უჭირს ამ საკითხზე ჩამოყალიბებული პოზიციის დაფიქსირება.


ზოგიერთი დეპუტატი უმრავლესობიდან უკვე ცდილობს ამ თემის მნიშვნელობის  დაკნინებას.


”არ მგონია, რომ პრეზიდენტმა ამ საკითხზე განსაკუთრებულად გაამახვილოს ყურადღება,” – განაცხადა დეპუტატმა ნინო კალანდაძემ, ”უმრავლესობის სხდომა დიდი ხანია რაც დაიგეგმა და ძირითადი თემა, რა თქმა უნდა, იქნება მინისტრთა კაბინეტის ცვლილება”.


უმრავლესობის წევრის ნინო ნაკაშიძის განცხადებით, რომელიც ე.წ ბურჯანაძის გუნდში მოიაზრება,  პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება არ უნდა იქნას აღქმული როგორც ”დაპირისპირება” უმრავლესობის შიგნით.


”ეს კიდევ ერთი მცდელობა არის იმისა, რომ ინსტიტუციონალურად გაძლიერდეს პარლამენტი,” – განუცხადა მან ტელეკომპანია ”მზეს” 5 სექტემბერს. მას მხედველობაში ჰქონდა ბურჯანაძის პრეტენზიები იმის თაობაზე, რომ პარლამენტი და მისი თავმჯდომარე უნდა მონაწილეობდნენ მთავრობის დაკომპლექტების თაობაზე გამართულ კონსულტაციებში.  


ბურჯანაძემ 4 სექტემბერს განაცხადა, რომ ”მიუღებელია”, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე ”არ იყო ჩართული კონსულტაციებში ასეთ სერიოზულ თემაზე, რომელიც მთავრობაში საკადრო ცვლილებებს ეხებოდა”.


თუმცა, ქართული მედიის ვარაუდით, მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე ბურჯანაძის კანდიდატურა არ წარადგინეს.


გაზეთის ცნობით, ალექსიშვილის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა წამოაყენა, მაშინ როცა ბურჯანაძეს ამ თანამდებობაზე თავისი კანდიდატურა ჰყავდა – პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე.   


გაზეთი ვარაუდობს, რომ ბურჯანაძემ უჩვეულოდ მკაცრი განცხადების გაკეთება იმიტომ გადაწყვიტა, რომ მას პრეზიდენტ სააკაშვილის მხარდაჭერა ჰქონდა. ”ეს კი იმას ნიშნავს, რომ პარლამენტი ნოღაიდელის კანდიდატურას ჩააგდებს,” – წერს გაზეთი.


კანონის თანახმად, პარლამენტმა რომან გოცირიძის გადაყენებას უნდა დაუჭიროს მხარი, ხოლო შემდეგ ახალი კანდიდატურა დაამტკიცოს. ბურჯანაძის განცხადების შემდეგ, გაურკვეველია, თუ როდის დაიწყებს პარლამენტი ამ პროცედურას.


ქართული მედიის ცნობით, პრეზიდენტთან შეხვედრას ასევე დაესწრებიან პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი და ახლადდანიშნული მინისტრები, რათა განახლებული მთავრობის ახალი პროგრამა განიხილონ. სამთავრობო პროგრამა ასევე იქცა დაპირისპირების ერთ-ერთ მიზეზად, რადგანაც ბურჯანაძემ ისიც გააკრიტიკა და მას ”განზრახულობათა დეკლარაცია” უწოდა.


”მე მოხარული ვიქნები, თუ მთავრობა მეტი სერიოზულობით მიუდგება პარლამენტთან დამოკიდებულებას და წარმოადგენს უფრო სერიოზულ პროგრამას”, –  განაცხადა მან.


ბურჯანაძის მიერ გაკეთებული განცხადება ძირითადად ემთხვევა ოპოზიციის შეფასებებს, რომელთაც მთავრობის ახალ პროგრამას ”სურვილების და სადღეგრძელოების კრებული”  უწოდეს, რადგან კონკრეტულ სამოქმედო გეგმას არ სახავს.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)