ოპოზიცია საპროტესტო აქციებისკენ მოუწოდებს
ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა ერთმა ჯგუფმა მოსახლეობას მოუწოდა 28 სექტემბერს 14:00 საათზე პარლამენტის წინ შეიკრიბონ, რათა ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრება გააპროტესტონ.
”ყველანი ერთად დავდგეთ ამ ხელისუფლების წინააღმდეგ, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ,” – განაცხადა რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა, ”საქართველოს ხელისუფლებამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიგოს, რომ მათი არავის არ ეშინია. ყველამ უნდა გაიგოს, რომ ძალიან ძლიერია ის საზოგადოება, რომელიც ვარდების რევოლუციის დროს ქუჩაში გამოვიდა და მზად არის ის საზოგადოება დაიცვას სიტყვის თავისუფლება, დაიცვას პოლიტიკური პლურალიზმი, დაიცვას დემოკრატია.”
”სააკაშვილმა ოქრუაშვილის დაპატიმრებით აღიარა ყველა ის ბრალდება, რომელიც ოქრუაშვილმა წარუდგინა,” – განაცხადა ”ხალხის პარტიის” ლიდერმა კობა დავითაშვილმა. ”დიახ, მიხეილ სააკაშვილი არის მკვლელი, მიხეილ სააკაშვილი არის ბანდის ხელმძღვანელი და მიხეილ სააკაშვილის ადგილი პრეზიდენტის სავარძელში არ არის… ეს მხდალი ხელისუფლება უნდა გავისტუმროთ იქ, სადაც იმსახურებენ. მათი ადგილი არის ციხეში.”
”დღევანდელი დღიდან საქართველოს სათავეში დგას ტერორისტი და არა პრეზიდენტი. მიხეილ საკაშვილი არის ტერიორისტი და ტერორისტული გაერთიანების ხელმძღვანელი… ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები სასწრაფოდ”, – განაცხადა ”თანასწორობის ინსტიტუტის” ერთ-ერთმა წევრმა, ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა გოგა ხაინდრავამ.
”ხვალ ორ საათზე დაიწყება ამ ხელისუფლების ნგრევა და თუ ვინმეს აქვს სურვილი მიიღოს მონაწილეობა ,მოიცილეთ ეს შიში….ხვალიდან იწყება სააკაშვილის ხელისუფლების ნგრევა და ჩვენ არ გავჩერდებით, სანამ ეს ხელისუფლება არ დაემხობა”,- განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის ”მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” წევრმა გია თორთლაძემ.
”ხვალ ველოდებით საზოგადოებას, რომ ეს სისხლის მწოველი წურბელები ერთხელ და სამუდამოდ წავლეკოთ ამ ქვეყნიდან”, – განაცხადა ოქრუაშვილის პარტიის წევრმა კოკა გუნცაძემ.
ამ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ეს განცხადებები რესპუბლიკური პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთეს.
აქციას შეუერთდება პარტია ”მრეწველებიც.” “რა თქმა უნდა იქ ვიქნებით, სადაც დანარჩენი ოპოზიციური პარტიებია, მე პირადად და ჩვენი წარმომადგნელები მივლენ აქციაზე,” – განუცხადა ”სივილ ჯორჯიას” ზურაბ ტყემალაძემ.
ლეიბორისტული პარტიის თქმით, საკუთარი გეგმების შესახებ განცხადებას 28 სექტემბერს გააკეთებენ.
აქციას შეუერთდება პარტია ”მრეწველებიც.” “რა თქმა უნდა იქ ვიქნებით, სადაც დანარჩენი ოპოზიციური პარტიებია, მე პირადად და ჩვენი წარმომადგნელები მივლენ აქციაზე,” განუცხადა ”სივილ ჯორჯიას” ზურაბ ტყემალაძემ.
როგორც ჩანს, ახალი მემარჯვენეები თავს შეიკავებენ საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მიღებისგან.
”რაღაცნაირად ახალი ეროვნული განმათავისუფლებელი მოძრაობის დასაწყებად მხოლოდ ირაკლი ოქრუაშვილის დროშის ქვეშ დადგომა და ამით წინააღმდეგობის მოძრაობის წამოწყება არ კმარა,” – განუცხადა ტელეკომპანია ”იმედს” ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთმა ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)