სააკაშვილი საქართველოსა და რუსეთის განსხვავებებზე
პრეზიდენტმა სააკაშვილმა დღეს ზემო აფხაზეთიდან თავის რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს უპასუხა იმ შეშფოთებაზე, რომელიც მან საქართველოს შიდა პოლიტიკური ვითარების გამო გამოთქვა და ისაუბრა იმ გასხვავებებზე, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის არსებობს.
სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ გეგმავს უახლოეს დღეებში შეხვდეს თავის რუს კოლეგას. შეხვედრა, სავარაუდოდ, ტაჯიკეთში მომავალი კვირის ბოლოს, დსთ-ს ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში გაიმართება.
გთავაზობთ პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლის ამ ნაწილის სრულ ტექსტს:
”ჩვენმა არაკეთილმოსურნეებმა კარგად იციან, რომ საქართველოს დამარცხება, როცა საქართველო არის ერთიანი, როცა საქართველოს აქვს მსოფლიოს მხარდაჭერა, არის შეუძლებელი. მათ ისიც კარგად იციან, რომ ყოველთვის არის რაღაც პროცენტი მოღალატეები და მათი ამოცანაა, რომ ითამაშონ ორგანიზმის შიდა დასუსტებაზე, რათა ეს მოღალატეები გამოვიდნენ ასპარეზზე და საქართველო ისევ ლოგინად ჩააგდონ და ისევ დაავადებულ ერად აქციონ. ნურას უკაცრავად!
ჩვენ გვინდა ვუთხრათ ჩვენს მეგობრებსაც, რომელიც არის მსოფლიოს უმრავლესობა და ჩვენ არაკეთილმოსურნეებსაც: სხვა საქართველოა, სხვა ერია, სხვა გამოცდილებაა, სხვა სიძლიერეა, სხვა სულიერი სიმტკიცეა დღეს საქართველოში.
გუშინ ჩემი რუსი მეგობარი გამოვიდა რუსეთის ტელევიზიით და საქართველოში დემოკრატიის ხარისხი დაიწუნა. ამავე დროს, ისაუბრა საქართველოში მოსალოდნელ სამოქალაქო დაპირისპირებაზე და ქართველებს შორის სისხლისღვრის თავიდან აუცილებლობაზე გამოთქვა იმედი.
ამ კაცმა კარგად იცის, რომ 90-იანი წლების დასაწყისში ჩვენმა სამოქალაქო დაპირისპირებამ დაგვაკარგვინა ის, რასაც ახლა ვერ ვაკონტროლებთ, ჩვენმა შიდა მოღალატეებმა, მათმა ამბიციებმა, ბოღმამ, სიხარბემ მიგვიყვანა იქმდე, სადაც ჩვენ აღმოვჩნდით და ჰგონიათ, რომ ქართველებისთვის ეს არის ქრონიკული დაავადება და ქართველების მანიპულირება არის ძალიან ადვილი.
მე მიდა ვუთხრა ამ ჩემ მეგობარს და სხვა რუს მეგობრებს, რომ ძალიან დიდი განსხვავებაა საქართველოსა და რუსეთს შორის, რა ვქნათ, ძალიან დიდი განსხვავებაა ამ ორ ქვეყანას შორის.
დემოკრატიაზე როცა ვლაპარაკობთ, საქართველოში არის სამართლის უზენაესობა, საქართველოში არის თავისუფალი პრესა, ყველას შეუძლია დღე და ღამე გამოვიდეს ტელევიზორში და აკრიტიკოს ყველა და პირველ რიგში საქართველოს პრეზიდენტი. რაღაც დიდი ხანია არ მომისმენია ასეთი კრიტიკა არცერთ რუსულ არხზე, არა ჩემს მიმართ, არამედ თავისი ლიდერების მიმართ. ეს ძალიან დიდი განსხვავებაა ჩვენსა და მათ შორის.
ჩემი დიდი მეგობარი იყო ანა პოლიტკოვსკაია. საქართველოში არცერთი ჟურნალისტი არ მომკვდარა, გარდა გალის რაიონისა და აფხაზეთისა, რომელიც კონტროლდება რუსეთის სამშვიდობოების მიერ. ათეულობით ჟურნალისტია რუსეთში განადგურებული და ბევრმა რუსმა ჟურნალისტმა და პრესის წარმომადგენლებმა საქართველოში შეაფარა თავი, აიღო საქართველოს მოქალაქეობა და საქართველოში ჰპოვა თავშესაფარი და ჩვენ ამითი ვამაყობთ.
განსხვავება საქართველოს და რუსეთს შორის არის ძალიან კონკრეტული და ძალიან მარტივი. რუსეთში 100 კაცი რომ გამოდის, 20 ათასი სპეცნაზელი არბევს; საქართველოში მშვიდობიანი აზრის გამოთქმა შეუძლია იმდენ მოქალაქეს, რამდენსაც ეს სურს, ყოველგვარი შიშის, დარბევების და ძალადობის გამოყენების საფრთხის გარეშე.
განსხვავება კიდევ არის ერთი: რუსეთში, სადაც პრობლემაა პრესასთან, დემოკრატიასთან, უსაფრთხოებასთან, ჩინოვნიკები დღე და ღამე იღებენ ქრთამებს, არიან ბოლომდე ჩართულები კორუფციაში. საქართველოში ქრთამებს ვერავინ ვერ იღებს და თუ იღებენ, ყველანი აგებენ პასუხს კანონის წინაშე, მიუხედავად მათი გავლენისა, მოპარული ფულის რაოდენობისა და უცხოური თუ სხვა სპონსორების სიძლიერისა.
ეს არის შედეგი იმის, რომ რუსეთს 80 დოლარიანი ნავთობის პირობებში, წელს აქვს 2,5-ჯერ ნაკლები ეკონომიკურ ზრდა, ვიდრე საქართველოს. საქართველოს თავისი პრობლემებით, რომლებიც მივიღეთ, თავისი ეკონომიკური საწყისი სიძნელეებით, თავისი კონტროლდაკარგული ტერიტორიებით აქვს 2-ჯერ და მეტჯერ მეტი ეკონომიკური ზრდა, ვიდრე ჩვენ მეგობარ რუსეთს.
ამიტომ მოდით ძვირფასო მეგობრებო: თქვენ ხართ დიდი ქვეყანა და თქვენი დიდი ქვეყნის დიდ პრობლემებს მიხედეთ. ჩვენ შედარებით პატარა ქვეყანა ვართ და ჩვენი პატარა ქვეყნის პრობლემებს ჩვენი ხალხი თვითონ გადაწყვეტს დემოკრატიის გზით, გამჭირვალობის გზით, კანონის უზენაესობის გზით, საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართვის გზით, დემოკრატიული რეფორმების შემდგომი გაგრძელების გზით, ანტიკორუფციული ბრძოლის კიდევ უფრო გაათმაგების გზით და იმ გზით, რომ ვეღარავინ ვეღარ მოგვახვევს თავზე სამოქალაქო დაპირისპირებას და ვერავინ ვერ მოგვახვევს თავზე ერთმანეთზე გადაკიდებას იმიტომ, რომ თქვენი რეცეპტებით გამოწერილი წამლები ჩვენ უკვე დავლიეთ და ის, საწამლავი აღმოჩნდა. და ჩვენ ახლა სხვანაირად ვისწავლეთ ჩვენი ორგანიზმის გაკაჟება, გამობრძმედა და სხვანაირად მივაღწიეთ ჯანმრთელობის იმ ხარისხს, რომელშიც ჩვენ ახლა ვიმყოფებით.
აი ეს არის ჩემი გზავნილი, აქ აფხაზეთის შუაგულიდან ჩემი მეგობრისადმი. უახლოეს დღეებში შევხვდები და პირადად გადავცემ.
ამ კაცმა და ამ ჩვენმა მეგობარმა, რომელმაც ერთი წლის წინ ასევე გამოთქვა დიდი წუხილი ქართველი ხალხის ბედის თაობაზე და მეორე დღეს, მათ აკრძალეს ქართული ღვინის შეტანა რუსეთში. გათვლა იყო ძალიან მარტივი: ხალხის სოციალური გაჭირვება, შიდა მოღალატეები, ხალხის ადუღება და საქართველოს მთავრობის წინაშე შემობრუნება.
ახლა პოლიტიკური პარტიები დაძრწიან კახეთში და ჩვენ, განსხვავებით რუსეთისგან, პოლიტიკურ პარტიებს არჩევნებიდან არ ვხსნით, ყველას აქვს სრული თავისუფლება მოქმედების. ხან 5-კაციან მიტინგს გამართავენ, ხან 15-კაციანს, ხან 20-კაციანს. რა, კახელ გლეხს არ უჭირს? კახელ მევენახეს, რა თქმა უნდა ძალიან უჭირს, მაგრამ კახელი მევენახე არის ინტელექტუალი, განათლებული, მოაზროვნე ადამიანი და არა როგორც ჭანჭიკი, რომელიც მათ ჰგონიათ. მან მშვენივრად იცის, რაც არ უნდა უთხრან ამ შიდა ”მოღალატუკებმა”, რომელთაც ჰგონიათ, რომ ამაზე ქულებს გააკეთებენ, მან მშვენიერად იცის, რომ დღეს ყოველგვარი დრტვინვის, წუხილის გამოხატვა გააათმაგებს იმათ პოზიციას, ვინც ეს ემბარგო შემოიღო. ამიტომ მიდის კახეთში ასე კარგად რთველი. და არა იმიტომ, რომ ჩვენ ყველა პრობლემა ყურძენთან დაკავშირებით, გადავწყვიტეთ.
აი ეს არის ქართველი ხალხის პასუხი, არა მისი პოლიტიკოსების ერთი ნაწილის, არამედ ქართველი ხალხის პასუხი საქართველოს არამკითხე ჭირისუფლებზე და მოტირალებზე ქართველი ხალხის ბედზე, ქართველი ხალხის გადაშენებაზე, ქართველი ხალხის შემდგომ არსებობაზე.
მათ საქართველო ძალიან უყვართ, ოღონდ ცხინვალის, სოხუმის და კიდევ ერთი 4-5 ტერიტორიის გარეშე. ქართველი მათ უყვართ სუფრაზე ყანწით ხელში, ”სულიკოს” მომღერალი და დამტვრეული რუსულით სადღეგრძელოებით მოლაპარაკე. ქართველები, რომლებიც წელში გაიმართნენ, რომელთაც თავისი ქვეყნის ბატონ-პატრონად იგრძნეს თავი, რომელთაც ძლიერი უშიშროების სტრუქტურები შექმნეს, რომელთაც ძლიერი სახელმწიფო შექმნეს, რომლებიც ეკონომიკას 2,5-ჯერ მეტი ტემპით ავითარებენ, ასეთი ქართველები მათ რაღაც არასწორ და არაბუნებრივ მოვლენებად მიაჩნიათ.
ჩვენ ხომ ვიცით სიმართლე სად არის, ჩვენ ხომ ვიცით ჩვენი მომავალი სად არის”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)