მმართველი პარტია პოლიტიკურ დაპირისპირებაში რუსულ ფაქტორზე აკეთებს აქცენტს

დეპუტატმა გიგა ბოკერიამ მმართველი პარტიიდან კვლავ მოუწოდა ოპოზიციურ პარტიებს თავი შორს დაიჭირონ ყველა ”პრო-რუსული პარტიისგან” – იგი ლეიბორისტულ პარტიას და ეროვნულ ფორუმს გულისხმობდა.


”მათი [ოპოზიციის] განცხადება დაახლოებით ასე ჟღერს: ეშმაკსაც კი შევეკვრებით, ოღონდ ეს მთავრობა მოვიცილოთ თავიდან. ეს ძალიან სამწუხაროა,” – განაცხადა ბოკერიამ.


თუმცა, ოპოზიციამ ამაზე უპასუხა, რომ რუსული ფაქტორის ამოქმედება მმართველი პარტიის PR-ხრიკი იყო არსებული პოლიტიკური კრიზისის გადასაფარად.   


მმართველმა პარტიამ ამგვარი მოწოდებები მას შემდეგ გაახმოვანა, რაც ათამდე ოპოზიციურმა პარტიამ, რომლებიც თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრების შემდეგ გაერთიანდნენ, განაცხადა, რომ ისინი მზად არიან ითანამშრომლონ ყველა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან, გარდა ირინა სარიშვილის პარტია ”იმედისა”, რადგანაც მას იგორ გიორგაძესთან აქვს კავშირი, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ იძებნება.


თუმცა, მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ სარიშვილის პარტიასთან თანამშრომლობაზე უარის თქმა და პრო-რუსულ პარტიებთან – ლეიბორისტულ პარტიასთან და ეროვნულ ფორუმთან – ურთიერთობების შენარჩუნება ”არათანმიმდევრული მიდგომაა”.    


”ხელისუფლებამ პასუხი გაგვცეს იმაზე, რასაც აკეთებს ის და რაც არის მისი ვალდებულება. დანარჩენი, თავისუფალ ქვეყანაში და დემოკრატიაში, არის ყველას გადასაწყვეტი,” – განუცხადა საქართველოს გზის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს 2 ოქტომბერს.  


ლეიბორისტულ პარტიას ნაციონალურმა მოძრაობამ პრო-რუსული ორიენტაციის იარლიყი 2005 წლის შემდეგ მიაკრა, მას შემდეგ რაც მისი ლიდერი შალვა ნათელაშვილი მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა. მმართველმა პარტიამ კიდევ უფრო გააძლიერა ბრალდება ლეიბორისტული პარტიის წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც ნათელაშვილმა განაცხადა, რომ 6 აგვისტოს ინციდენტი საქართველოს ხელისუფლების მიერ იყო დადგმული.


”როდესაც ჩვენი ტერიტორია დაიბომბა, ნათელაშვილმა სწორედ ის განაცხადა, რისი მოსმენაც კრემლს სურდა,” – განაცხადა ბოკერიამ 2 ოქტომბერს.


ეროვნულ ფორუმს პრო-რუსულობა მას შემდეგ დაბრალდა, რაც პარტიამ სკეპტიკური განცხადება გააკეთა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის თაობაზე.


რუსულმა ფაქტორმა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ დაპირისპირებაში კიდევ ერთი იმპულსი შეიძინა მას შემდეგ, რაც რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ 2 ოქტომბერს მიიღო განცხადება, რომელიც გმობს საქართველოს ხელისუფლების ”ანტიდემოკრატიულ პოლიტიკას”.


ქართველმა დეპუტატებმა როგორც ოპოზიციური, ისე მმართველი პარტიებიდან, აღნიშნეს, რომ ”სასაცილოა”, როდესაც რუსეთი საქართველოში არსებულ დემოკრატიას აკრიტიკებს.


დეპუტატმა ”ახალი მემარჯვენეებიდან” მამუკა კაციტაძემ განაცხადა, რომ ამგვარი ტიპის განცხადებები რუსეთში საქართველოს ხელისუფლების ”წისქვილზე ასხამს წყალს”, რადგანაც ”ჩვენთვის რთული გახდა ხელისუფლების გაკრიტიკება რუსეთის დუმის ამ განცხადების ფონზე”.


თუმცა, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის თინა ხიდაშელის განცხადებით, ოპოზიციამ არ უნდა შეაჩეროს ხელისუფლების გაკრიტიკება ”მხოლოდ იმის გამო, რომ რუსეთში ვიღაცამ რაღაც თქვა”. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)