ილია მეორე საქართველოში კონსტიტუციური მონარქიის შემოღების ინიციატივით გამოდის

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 7 ოქტომბერს, საკვირაო ქადაგებისას გაახმოვანა ინიციატივა საქართველოში კონსტიტუციური მონარქიის შემოღების თაობაზე.


”ეს ნიშნავს იმას, რომ მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს,”- განაცხადა პატრიარქმა, ”მეფე არის გარანტი ქვეყნის მთლიანობისა და ყოველი ადამიანის დაცვისა”.  


მისი განცხადებით, მხოლოდ საქართველოში მცხოვრები ხალხის გადასაწყვეტია, როგორი კონსტიტუციური წყობა უნდა იყოს ქვეყანაში, რადგან ხშირია შემთხვევები, როცა სხვა სახელმწიფოები ”გვკარნახობენ ჩვენ იმის შესახებ, თუ რა უნდა ვაკეთოთ”.  

”1801 წელს შეწყდა სამეფო ბაგრატიონთა და იმის შემდეგ ოცნება იყო ქართველი ხალხისა, რომ აღგვედგინა უძველესი დინასტია…  დღეს ისეთი პირობებია, როცა ქართველი ხალხის ეს ოცნება შეიძლება განხორციელდეს,”- განაცხადა პატრიარქმა.

”ეს არ არის უბრალო საქმე,” – აღნიშნა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას, ”უნდა მზად იყოს ქართველი ხალხი იმისათვის, რომ ეს წყობა მიიღოს და უნდა იყოს გამორჩეული ბაგრატიონთაგან ადამიანი”.

ეს ინიციატივა გაჟღერდა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამძაფრებული დაპირისპირების ფონზე. ოპოზიციური კამპანიის ერთ-ერთი მოთხოვნაა ”საქართველო პრეზიდენტის გარეშე”, რაც საპრეზიდენტო მმართველობის საპარლამენტო რესპუბლიკით ჩანაცვლებას გულისხმობს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)