ნატოს წარმომადგენელი საქართველოზე კომენტარს აკეთებს

ნატოს ჯერ არ მიუღია ”პოლიტიკური გადაწყვეტილება” საქართველოსთვის წევრობის სამოქმედი გეგმის (MAP) მინიჭების თაობაზე, განაცხადა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში რობერტ სიმონსმა 23 ოქტომბერს.


”საქართველომ გამოხატა ინტერესი ალიანსის წევრობასთან დაკავშირებით,” – განაცხადა მან რადიოსადგურ ”ეხო მოსკვისთან” ინტერვიუში, ”სწორედ ნატომ უნდა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება პროცესის წინ წაწევის თაობაზე და ეს გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია”.


მისი თქმით, საქართველო ნატოში წევრობისკენ პირველ ეტაპზე, ინტენსიური დიალოგის ფაზაში იმყოფება.


”ნებისმიერ შემთხვევაში, მეორე გადაწყვეტილება იქნება მეორე ეტაპზე გადანაცვლება და ეს ეტაპია წევრობის სამოქმედო გეგმა და არ ვიცით, ეს გადაწყვეტილება იქნება თუ არა მიღებული,” – განაცხადა სიმონსმა.


”ჩვენ არ ვიცით, როდის [იქნება მიღებული ეს გადაწყვეტილება]… ამის ვადები არ არსებობს,” – დასძინა მან.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა 18 ოქტომბერს განაცხადა, რომ მისი საერთაშორისო მცდელობები მიმართულია 2008 წლის აპრილში ბუქარესტში დაგეგმილ სამიტზე საქართველოს MAP-ში გაწევრიანებისთვის მხარდაჭერის მოპოვებისკენ.


”თუ ჩვენ ეს ყველაფერი კარგად ჩავატარეთ, აპრილის შემდეგ საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი პრაქტიკულად შეუქცევადი გახდება და ეს იქნება ნამდვილი რევოლუცია ჩვენ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში,”- აღნიშნა პრეზიდენტმა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)