დეპუტატი გუგული მაღრაძე: არჩევნები გაზაფხულზე უნდა ჩატარდეს

საპროტესტო აქციის ათასობით მონაწილის მოთხოვნა საპარლამენტო არჩევნების აპრილში გამართვასთან დაკავშირებით ”კანონიერი და მორალურია” და უნდა დაკმაყოფილდეს, განაცხადა დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობიდან გუგული მაღრაძემ 4 ნოემბერს.


მისი თქმით, მან დაიწყო დეპუტატთა ხელმოწერების შეგროვება, რათა პარლამენტმა განიხილოს შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი.


“უკვე არსებობს რამდენიმე ხელმოწერა და მოვუწოდებ სხვა დეპუტატებს საპარლამენტო უმრავლესობიდან შემოგვიერთდნენ,” – განაცხადა მაღრაძემ, თუმცა მან არ დააკონკრეტა რამდენი ადამიანის და კონკრეტულად ვისი ხელმოწერა არსებობს.


პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილების განსახილველად დაახლოებით 112 დეპუტატის ხელმოწერაა საჭირო.  


გუგული მაღრაძემ ასევე განაცხადა, რომ არსებული კრიზისის მოგვარებას ის დეპუტატები უნდა დაეხმარონ, რომლებიც არასოდეს ყოფილან “მმართველი პარტიის ლიდერთა მცირე ჯგუფში”. 


“ჩვენ არ უნდა დავტოვოთ პრეზიდენტი სააკაშვილი იმ რამდენიმე ადამიანის ხელში, რომლებიც მას კონფრონტაციისკენ უბიძგებენ,” – განაცხადა მან.


ეს ბოლო განცხადება იმ ლიდერებთან მიმართებაში გაკეთდა, გიგა ბოკერიას ჩათვლით, რომლებიც არჩევნების დღის შეცვლასთან დაკავშირებით რაიმე კომპრომისზე წასვლის კატეგორიული წინააღმდეგნი არიან.


გუგული მაღრაძემ ასევე აღნიშნა, რომ თუ არჩევნების დღესთან დაკავშირებული მოთხოვნა შესრულდება, აქციის მონაწილენი მოხსნიან თავიანთ რადიკალურ მოთხოვნას პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით.


ოპოზიციის ლიდერები უკვე მიესალმნენ გუგული მაღრაძის განცხადებას. “იმედი მაქვს, საპარლამენტო უმრავლესობის სხვა დეპუტატებიც შეუერთდებიან მას,” – განაცხადა გიორგი ხაინდრავამ “თანასწორობის ინსტიტუტიდან”.


გუგული მაღრაძე მართველი პარტიის ლიდერებს საჯაროდ პირველად მაშინ დაუპირისპირდა როდესაც გასულ თვეს თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს “პოლიტიკური პატიმარი” უწოდა.


იმავდროულად, პარლამენტის წინ 4 ნოემბერს საპროტესტო აქციის მესამე დღე დაიწყო. რამდენიმე ასეულმა ადამიანმა პარლამენტის წინ ღამე გაათენა, ხოლო 4 ნოემბერს დილიდან მათ სხვა მონაწილეებიც უერთდებიან. მიტინგის განახლება 2 საათზე იგეგმება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)