საგანგებო მდგომარეობა მალე გაუქმდება – პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოში 7 ნოემბერს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ მოხერხდა სიმშვიდის და სტაბილურობის აღდგენა ქვეყანაში, რაც იძლევა იმის საფუძველს, რომ საგანგებო ვითარების რეჟიმი მალე გაუქმდება, განაცხადა დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ეკა შარაშენიძემ.


”ცხოვრება ჩვეულებრივ კალაპოტს დაუბრუნდა,”- აღნიშნა მან,  ”შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობის გაუქმება მოსალოდნელია ბევრად უფრო მალე, ვიდრე პარლამენტის მიერ დამტკიცებულ 15 დღის ვადაში”. 


მას კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია.  


ამ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე პარლამენტმა დაამტკიცა პრეზიდენტის დეკრეტი ქვეყანაში 22 ნოემბრამდე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ, რომლის ფარგლებშიც შეზღუდულია ინფორმაციის თავისუფალი გავრცელება, დემონსტრაციები და გაფიცვები. 

ამ პერიოდის განმავლობაში კერძო ტელეკომპანიებსა და რადიოებში საინფორმაციო გამოშვებები იკრძალება და მხოლოდ ”საზოგადოებრივი მაუწყებელი” გადასცემს ახალ ამბებს.  


პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ხაზი გაუსვა, რომ ”ამ დროისთვის ყველა პოლიტიკურ პარტიას გააჩნია საზოგადოებრივ მაუწყებლობასთან და რადიოსთან, აგრეთვე დამოუკიდებელ ბეჭდვით მედიასთან ურთიერთობის შეუზღუდავი შესაძლებლობა”.


შარაშენიძის ინფორმაციით, პოლიციის საგანგებო დანიშნულების ქვედანაყოფები და სხვა შენაერთები, რომლების 7 ნოემბრის მასობრივი არეულობების შემდეგ რუსთაველის გამზირზე იყვნენ განლაგებულები,  დაუბრუნდნენ დისლოკაციის ადგილებს.


ამ დროისათვის რუსთაველის გამზირზე ჩვეულებრივ რეჟიმში მოძრაობს მუნიციპალური ტრანსპორტი და აღდგენილია ამ მონაკვეთში განლაგებული ორი მეტროსადგურის ფუნქციონირება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)