სააკაშვილი საგარეო მითითებების გამო საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას არ აპირებს
პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოიგერია დასავლეთის რჩევები და განაცხადა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობას გააუქმებს მხოლოდ მაშინ, როცა ჩათვლის საჭიროდ და არა იმის გამო, რომ უცხოელი მეგობრების მითითებები არსებობს ამის თაობაზე.
10 ნოემბერს ბიზნესმენებთან შეხვედრაზე საუბრისას სააკაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ საგანგებო მდგომარეობა ”რამდენიმე დღეში” გაუქმდება.
”მესმის მოუთმენლობა ჩვენი მეგობრების, რომელთაც შეიძლება არ მოსწონდეთ ფორმა საგანგებო მდგომარეობის,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”რა თქმა უნდა უახლოეს დღეებში [გაუქმდება], მაგრამ როცა ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ და არა როცა ვინმე გვეტყვის ამას. როცა მე, როგორც თქვენი ხელისუფალი, ჩავთვლი რომ ყველა რისკი მოხსნილია და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოხდება უახლოეს დღეებში”.
”მე მინდა ჩვენ მეგობრებსაც და არაკეთილმოსურნეებსაც ვუთხრა, რომ ვიღაცის მითითებით მე ამას არ გავაკეთებ იმიტომ, რომ ჩემი პასუხისმგებლობა არ არის არა რომელიმე ქვეყნის საგარეო მინისტრის წინაშე, არამედ საქართველოს ისტორიის წინაშე შემდეგი ათასი წლის განმავლობაში”.
პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანა მოკლევადიან სარგებელს თავის გრძელვადიან ინტერესებს არ გადააყოლებს.
”ჩვენი პასუხისმგებლობა დღეს არის არა მოკლევადიანი და თავის მოწონების და მოწოლებზე რეაგირების, ჩვენი პასუხისმგებლობა არის ყველა თქვენგანის წინაშე, ყველა მოქალაქის წინაშე და ჩვენი მომავლის წინაშე. ეს ყველამ კარგად დაიმახსოვროს და ამ პასუხით ვისტუმრებ მე ყველას,”- განაცხადა სააკაშვილმა.
მისი განცხადებით, საქართველომ ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებული მოვლენების, მათ შორის 7 ნოემბრის მასობრივი არეულობების დროს მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ ნამდვილი სახელმწიფოა.
”საქართველომ ბოლო დღეების განმავლობაში, მიუხედავად დიდი ბჭობისა და გარკვეული დანაკლისისა, ჩააბარა მთავარი ტესტი – ტესტი სახელმწიფოებრიობაზე,” – განაცხადა მან, ”ვართ ჩვენ ბანტუსტანი თუ ნამდვილი სახელმწიფო ბოლოს და ბოლოს? ვართ თუ არა შეუმდგარი ქვეყანა თუ გვყავს ნამდვილი სახელმწიფო აპარატი? გვყავს თუ არა საზოგადოება თუ გვყავს მხოლოდ ერთი და იგივე რამდენიმე ასეული ადამიანი, რომელიც თავს ასაღებს საზოგადოებად?” რა თქმა უნდა, საქართველოს ჰყავს საზოგადოება”.
მან ხაზი გაუსვა, რომ საზოგადოება ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს გაგებით მოეკიდა.
”მე ახლა ვიყავი ერთ-ერთი ობიექტის დათვალიერებაზე, სანამ აქ მოვიდოდი და ვნახე როგორ მხვდებოდა ხალხი ქუჩაში, როგორც არასდროს მრავალი თვის განმავლობაში,”- განაცხადა პრეზიდენტმა, ”გამახსენდა ისევ 2003 წელი რევოლუციის შემდგომი პერიოდი. ორ ადგილზე გავაჩერე [მანქანა] : ერთ ადგილზე იყვნენ ჯიხურის გამყიდველი ქალბატონები 50-60-70 წლების და რამდენიმე მათგანი ტიროდა ჩემს დანახვაზე. იმიტომ კი არა, რომ მე ასეთ ემოციებს ვიწვევ, სიტუაცია იწვევს ემოციებს”.
”ამ ჯიხურის გამყიდველმა დაინახა რა იყო მისთვის საფრთხე, რა დილემის წინაშე აღმოჩნდა. დაინახა ეგზისტენციალური საკითხი, რომელიც დაუდგა მას, ამ ჯიხურის მფლობელს, რომელსაც აქვს 200-300 ლარი შემოსავალი თვეში. მან დაინახა, რომ ამ ქვეყანას ჰყავს პატრონი, ხელისუფლება და მთავრობა, რომელიც კი არ გამოვა ტრიბუნიდან და მოუწოდებს: მოდი, მიშველე, მიტინგი გამიმართე აქ კანცელარიასთან, კარვები გამიშალე, რომ არ შემომივარდნენ,” – აღნიშნა პრეზიდენტმა, ”არამედ ეტყვის: დაწყნარდით იყავით სახლში, ჩვენ თვითონ დავამყარებთ წესრიგს, ჩვენ საკმარისი უფლებამოსილება გვაქვს თქვენგან რომ არავის ეს ქვეყანა არ ავარევინოთ”.
მან ასევე განაცხადა, რომ იღებს სრულ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც მოხდა 7 ნოემბერს.
”წესრიგის დამყარება არსად არ გამოიყურება ტელეეკრანზე ძალიან ლამაზად და ეს არ არის საერთოდ სასიამოვნო პროცესი,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას ვიღებ საკუთარ თავზე და მე ვუთხარი ჩვენ პოლიციელებს წინასწარ, რომ იმოქმედეთ კანონის ფარგლებში, იმოქმედეთ უკომპრომისოდ, იყავით ძალიან ფრთხილად, რა თქმა უნდა, მეც თქვენთან ერთად გავიზიარებ პასუხისმგებლობას, მე ყოველთვის დაგიცავთ, მაგრამ გესმოდეთ, რომ თქვენც გაქვთ პასუხისმგებლობა, რომ ცუდი არაფერი არ მოხდეს”.
”ღმერთმა გადაგვარჩინა, რომ მასშტაბური შეტაკების შედეგად უმეტესი მსხვერპლი არის ისევ პოლიციის რიგებში. ყველაზე კანონდამრღვევი მოქალაქეც კი და ზოგიერთი საერთოდ უდანაშაულო აღმოჩნდა ამ ყველაფრის შუაში, არ იმსახურებს და მე არ მიხარია არავის მიმართ ძალის გამოყენება,”- განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, საქართველო გააგრძელებს ლიბერალური დემოკრატიის მშენებლობას და ყველა პოლიტიკური ჯგუფის ინტერესი იქნება დაცული. პრეზიდენტის განცხადებით, მისი ინიციატივა 7%-იანი ბარიერის 5%-მდე დაწევასთან დაკავშირებით პოლიტიკური პლურალიზმის მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოხატულებაა. ამ საკონსტიტუციო ცვლილებას პარლამენტი, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში განიხილავს.
”მთავარი ერთ-ერთი ჩვენი ინტერესი და სიძლიერე არის ის, რომ საქართველო არის და დარჩება ლიბერალური დემოკრატიის ქვეყნად – ყველა ინტერესი ყველაზე პატარა ჯგუფისაც კი ჰპოვებს გამოხატულებას საქართველოს პოლიტიკურ სცენაზე, არ დარჩება არავინ უკმაყოფილო, გარდა რა თქმა, უნდა აშკარად კრიმინალური მიმართულების ელემენტებისა,”- განაცხადა სააკაშვილმა.
მან ასევე ისაუბრა ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილზე, რომელიც მოიხსენია, როგორც ”სუბიექტი”. თუმცა არაფერი უთქვამს პატარკაციშვილის გადაწყვეტილებაზე კონკურენცია გაუწიოს მას იანვარში დაგეგმილ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში.
”ჩვენ ჩავატარეთ ძალიან წარმატებული ფორუმები ვენაში, ლონდონში, ნიუ-იორკში და მაგალითად ლონდონში ერთი რუსი, ქართველად გადმოკეთებული ოლიგარქი დარბოდა ინვესტორიდან ინვესტორთან – ეს ვიცით აბსოლუტურად ზუსტად – და ეუბნებოდა: გიჟები ხომ არ ხართ საქართველოში რას დებთ ფულს, საქართველოში ფული ჩადება არის ძალიან საშიში, ”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, ”რატომ იცით? იმიტომ, რომ საქართველოში თუ ფული ჩაიდება ეს გადანაწილდება მთელ საზოგადოებაზე და თუ ფული არ ჩაიდება, საქართველოს ჩალის ფასად იყიდის ეს ერთი ძალიან საეჭვო რეპუტაციის, ძალიან საეჭვო წარსულის, ძალიან საეჭვო მიზნების და განზრახვების სუბიექტი და მე არ მინდა მას ვუწოდო რაიმე სხვა”.
პრეზიდენტის განცხადებით, ეს ”სუბიექტი” არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით ცდილობდა სიტუაციის არევას, არამედ ზიანს აყენებდა ასევე მის საინვესტიციო იმიჯს.
”გარკვეულწილად მათი მიზანი მიღწეულია,”- განაცხადა პრეზიდენტმა, ”რეალური შერყევა ქართული ეკონომიკის ვერ მოხდა, რეალური სახელმწიფოებრიობის შერყევა ვერ მოხდა, მაგრამ მოკლევადიანად ინვესტორებისთვის რაღაც სახის ილუზიის შექმნა, რომ უნდა დაფიქრდნენ, რა თქმა უნდა, მათ მოახერხეს”.
”მაგრამ ჩვენ ისეთი გამოცდა ჩავაბარეთ, ისე მაგრად დავდექით, რომ 5 იანვრის შემდეგ ათჯერ მეტად ამოვიღებთ ამ ფულს, როგორც ქვეყანა, ათჯერ მეტის ინვესტიცია შემოვა და წარმატება იქნება და დავსვამთ მშრალზე ამ გარეწრებს, რომელთაც ეზიზღებათ ყველაფერი და პირველ რიგში თავისი ქვეყანა,”- აღნიშნა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)