სემნები საქართველოში საგანგებო მდგომარეობაზე კომენტარს აკეთებს
საგანგებო მგდომარეობის შემოღებას ”უფრო სერიოზული შედეგები ექნება” იმ გამოწვევასთან შედარებით, რომელსაც 7 ნოემბერს თბილისში არეულობის დროს ჰქონდა ადგილი, განაცხადა ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა პიტერ სემნებიმ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე.
საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, ქვეყნის კონსტიტუციურ წერიგს საფრთხე ემუქრებოდა და ეს გახდა საგანგებო მდგომარეობის შემოღების მიზეზი. ხელისუფლების თქმით, 7 ნოემბერს მომხდარი არეულობა, რომელიც ”რადიკალურმა პოლიტიკურმა ოპოზიციამ” რუსული დაზვერვის დახმარებით და ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის დაფინანსებით მოაწყო, ხელისუფლების დამხობას და ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევას ისახავდა მიზნად.
”არ მინდა ღრმად შევეხო ამ საკითხს, ემუქრებოდა თუ არა სახელმწიფოს სერიოზული საფრთხე, სანამ მე არ მექნება ამის საფუძლიანი მტკიცებულება”, – განაცხადა სემნებიმ.
მოკლევადიანი პერსპექტივის თვალსაზრისით, მისი თქმით, საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები აშკარად გასცდა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების ჩვეულ დღის წესრიგს.
”თუმცა, გრძელვადიან შედეგზე სპეკულირება არ მინდა,” – განაცხადა მან, ”უფრო იმას ვიტყოდი, რომ თუ საპრეზიდენტო არჩევნები წარმატებულად ჩატარდება, ამ ურთიერთობებს ხანგრძლივი ზიანი არ მიადგება”.
სემნებიმ ასევე თავი შეიკავა რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების დემოკრატიულობის ხარისხის წინასწარი პრონოზირებისაგან, თუმცა დასძინა, რომ არსებობს ”სერიოზული გამოწვევები” შეზღუდული ვადების თვალსაზრისით. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 5 იანვარს იგეგმება.
სემნებიმ ასევე განაცხადა, რომ არა მხოლოდ არჩევნების დღის დაკვირვება, არამედ მთელი საარჩევნო კამპანიის გაკონტროლება საერთაშორისო საზოგადოებისთვის კიდევ ერთი გამოწვევაა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)