გვარამია: პატარკაციშვილთან დაკავშირებულ დაცვის ფირმებს შეიარაღებული ფორმირების შექმნა სურდათ

დაცვის ორ ფირმას, რომლებიც კავშირში არიან ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილთან, უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა ჰქონდათ განზრახული, აცხადებს გენერალური პროკურორის მოადგილე ნიკა გვარამია 16 ნოემბერს.


მისი თქმით, გიორგი ბერიძე, ორივე დაცვის ფირმის – ”საერთაშორისო დაცვის საზოგადოების” და ”პროფესიული დაცვის ლიგის” დირექტორი, დაკავებულ იქნა 13 ნოემბერს.  ”მისი საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა,”- აცხადებს გვარამია.


მისი ინფორმაციით, ბერიძემ დაავალა თავის თანამშრომელს ზურაბ მეტრეველს ”უკანონო შეიარაღებული ფორმირების” შესაქმნელად მოეძებნა ფიზიკურად კარგად მომზადებული უშიშროების სამსახურის ყოფილი თანამშრომლები. ზურაბ მეტრეველი ასევე დაკავებულია და მისი ოფისის ჩხრეკისას ამოღებულია ”დიდი ოდენობით იარაღი”, აცხადებს გენპროკურორის მოადგილე. პროკურატურამ ასევე გაავცელა მეტრეველის ჩვენების ამსახველი ვიდეომასალა.


გვარამიას განცხადებით, ამ პროცესს კოორდინაციას პატარკაციშვილის ”მარჯვენა ხელი” და ტელეკომპანია ”იმედის” თანამშრომელი საშა მაისურაძე უწევდა, რომელიც გამოძიების მიერ ეჭვმიტანილად არის ცნობილი.

9 ნოემბერს პროკურატურამ განაცხადა, რომ ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულებაშია ეჭვმიტანილი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)