მმართველი პარტია პრეზიდენტობის კანდიდატად სააკაშვილს ოფიციალურად დაასახელებს

მმართველი პარტიის – ნაციონალური მოძრაობის ყრილობა დღეს პრეზიდენტობის ოფიციალურ კანდიდატად მოქმედ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს დაასახელებს, განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა დავით კირკიტაძემ.


ყრილობაში, რომელიც ვარდების რევოლუციის მეოთხე წლისთავს ემთხვევა, მონაწილეობას მთელი საქართველოდან მმართველი პარტიის 15 ათასამდე დელეგატი მიიღებს. ასევე იგეგმება ყრილობაზე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატების დასწრებაც.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა იმისათვის, რომ მან 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი იყაროს, თანამდებობა 26 ნოემბრამდე – საპრეზიდენტო კანდიდატების წარდგენის დღემდე –  უნდა დატოვოს, რის შემდეგაც პარლამენტი არჩევნების დღეს ოფიციალურად დანიშნავს.

თუმცა ამ დროისთვის უცნობია, თუ კონკრეტულად როდის გადადგება პრეზიდენტი.


გადადგომის შემდეგ პრეზიდენტის უფლებამოსილებას პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე შეასრულებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)