პოლონეთის პრეზიდენტი ოპოზიციას შეხვდა
პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი 23 ნოემბერს თბილისში ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა.
”დეტალებში დაინტერესდა [პრეზიდენტი] იმითი, თუ რამ მიიყვანა ქვეყანა ასეთ კრიზისამდე და რამ გამოიწვია მოსახლეობის ასეთი დიდი რაოდენობით ქუჩაში გამოსვლა,” – განაცხადა რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა შეხვედრის შემდეგ.
”სააკაშვილი ურცხვად ატყუებს ჩვენს ხალხს, რომ თითქოს პოლონეთის და ლიტვის პრეზიდენტები ჩამოვიდნენ სტუმრებად ვარდების რევოლუციასთან დაკავშირებით,” – განაცხადა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა, ”სინამდვილეში ორი მეგობარი ქვეყნის ხელმძღვანელი ჩამოსულია იმ მძიმე სიტუაციის შესასწავლად, რაც შექმნა სააკაშვილის ხელისუფლების მიერ საკუთარი ხალხისათვის ქიმიური ომის გამოცხადებამ და ამ შესწავლის შედეგებს ისინი მოახსენებენ ევროკავშირის ხელმძღვანელობას და ჩვენ დასავლეთელ მეგობრებს”.
ლიტვის პრეზიდენტი ვალდას ადამკუსი ასევე სტუმრობს თბილისს. დაგეგმილია პრეზიდენტი სააკაშვილის შეხვედრა ორივე პრეზიდენტთან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)