თბილისში საქართველოს, პოლონეთის და ლიტვის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა

23 ნოემბერს თბილისში საქართველოს, პოლონეთის და ლიტვის პრეზიდენტების – მიხეილ სააკაშვილის, ლეხ კაჩინსკის და ვალდას ადამკუსის შეხვედრა გაიმართა.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ორი ”მოძმე სახელმწიფოს” პრეზიდენტების ვიზიტი იყო ”ქართველი ხალხის მიმართ უზარმაზარი მხარდაჭერის ჟესტი” იმ ”რთულ პერიოდში, რომელიც საქართველომ ბოლო კვირების მანძილზე გაიარა.


მისი თქმით, ლეხ კაჩინსკი საქართველოში ჩამოვიდა მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ პოლონეთის პარლამენტი – სეიმი – პარასკევს ნდობას უცხადებდა ახალ მთავრობას.


”ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი დღე პოლიტიკურ კალენდარში პოლონეთში, მან ყველაფერი დატოვა და ჩამოვიდა აქ ქართველი ხალხისადმი სოლიდარობის გამოსახატავად და ჩვენ ამას არასოდეს დავივიწყებთ,” – განაცხადა სააკაშვილმა.


სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ლიტვის პრეზიდენტის თვითმფრინავი გასულ ღამეს მწყობრიდან გამოვიდა, მაგრამ ამის მიუხედავად მათ ახალი თვითმფრინავი გამონახეს და ლიტვის პრეზიდენტმა შეძლო საქართველოში ჩამოსვლა.


სააკაშვილმა ასევე განაცხადა რომ პოლონეთი და ლიტვა არიან ”საქართველოს მთავარი მეგზურები ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე”.


პრეზიდენტმა კაჩინსკიმ, რომელიც თავისი ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდა ოპოზიციას, განაცხადა, რომ, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო.  ”მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო წარმატებით გაივლის ამ მნიშვნელოვან გამოცდას,”- განაცხადა კაჩინსკიმ, ”თუმცა შესაძლოა იყოს გარკვეული პრობლემები ამ გზაზე… მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო სწორ გზას ადგას”.


პრეზიდენტმა ადამკუსმა აღნიშნა, რომ თბილისის 7 ნოემბრის მოვლენებმა ”შექმნა რაღაც ეჭვები” საქართველოს დემოკრატიის შესახებ. თუმცა, მან იქვე დასძინა, რომ ეს მოვლენები მოხდა ხალხის სურვილის გამო ჰქონოდათ უკეთესი ცხოვრების პირობები, რაც თავის მხრივ დემოკრატიის ნაწილია, ”ამრიგად, საქართველოში დემოკრატიის თავისუფლებაა”.  


ლიტვის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილთან ხანმოკლე საუბრის შემდეგ, ის დარწმუნებულია, რომ საქართველოს მართლაც სურს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება.


 



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)