სასამართლომ ტელეკომპანია ”იმედს” ყადაღა მოუხსნა
თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება ტელეკომპანია ”იმედისთვის” ყადაღის მოხსნის თაობაზე.
თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში მხოლოდ 7 დეკემბერს შევა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დრომდე ტელეკომპანიის ტექნიკურ პერსონალს არ ექნება საშუალება შენობაში შევიდეს.
”დღეს ვერ შევალთ შენობაში, რადგანაც სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ ხვალ შედის ძალაში,” – განუცხადა ”იმედის” გენერალურმა დირექტორმა ბიძინა ბარათაშვილმა Civil.Ge.-ს 6 დეკემბერს, ”თავიდან ისინი [ხელისუფლება] დაგვპირდნენ, რომ 5 დეკემბერს შეგვიშვებდნენ, თუმცა ახლა ხვალისთვის გადადეს. ისინი განზრახ წელავენ დროს”.
ტექნიკური პერსონალი აპარატურის მდგომარეობას შეამოწმებს, რათა განსაზღვროს, თუ როდის შეძლებს ტელეკომპანია მაუწყებლობის განახლებას. ”იმედის” ხელმძღვანელობის განცხადებით, 7 ნოემბრის დარბევის დროს ტელევიზიის აპარატურა დაზიანდა.
პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ ტექნიკურ პერსონალს 5 დეკემბერს მიეცემოდა ოფისში შესვლის შესაძლებლობა.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 4 დეკემბერს ასევე შეცვალა 7 ნოემბრით დათარიღებული გადაწყვეტილება ტელეკომპანია ”იმედის” ლიცენზიის სამი თვით შეჩერების თაობაზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)