ნოემბრის მოვლენებმა ეკონომიკა 500 მლნ დოლარით აზარალა – გურგენიძე

საქართველოს ეკონომიკამ დაახლოებით 500 მლნ დოლარის ზარალი განიცადა 7 ნოემბერს მომხდარი არეულობის გამო, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ 13 დეკემბერს.


”ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ უკანასკნელმა მოვლენების გამო ჩვენს ეკონომიკას ნახევარი მილიარდი დოლარის ოდენობით ზიანი მიადგა,”- განაცხადა გურგენიძემ.


მან ეს განცხადება ტელეკომპანია ”იმედის” თოქ-შოუ ”ღია ეთერში” საუბრისას გააკეთა. ამ გადაცემაში პრემიერ-მინისტრის მონაწილეობის თაობაზე წინადადებით ტელეკომპანიას მმართველმა პარტიამ მიმართა.


პრემიერ-მინისტრმა ასევე განმარტა, რომ მთავრობის ახალი სოციალური ინიციატივები დამატებით 300 მლნ ლარი დაუჯდება ქვეყანას.


”საქართველოს სიღარიბის გარეშე” – პრეზიდენტობის სახელისუფლებო კანდიდატის მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო კამპანიის მთავარი ლოზუნგია და მთავრობაც სულ უფრო აქტიურობს, განსაკუთრებით 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ, სააკაშვილის მიერ გახმოვანებული სოციალურ-ეკონომიკური ვალდებულებების შესრულების კუთხით.


გურგენიძემ, რომელიც პრემიერ-მინისტრად 22 ნოემბერს დაინიშნა, განაცხადა, რომ მთავრობამ 500 მლნ ლარი მაინც უნდა გამოყოს სოციალური დახმარების პროგრამებზე, თუ არ იქნა პოლიტიკური არასტაბილურობა და ამ პროცესის თანმდევი ეკონომიკური დანაკარგები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)