პატარკაციშვილი: სააკაშვილის რეჟიმი საშიში და დაუნდობელია
პრეზიდენტობის კანდიდატმა და ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება გააღიზიანა იმ სოციალური დახმარების ფართომასშტაბიანმა პროგრამებმა, რომელთა განხორციელებასაც ის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში საკუთარი ფულით გეგმავს.
პატარკაციშვილის სატელევიზიო განცხადება ტელეკომპანია ”იმედმა” 19 დეკემბერს საღამოს საინფორმაციო პროგრამაში გაუშვა. ტელეკომპანიის თქმით, განცხადების სრული ვერსია 20 დეკემბერს გამოქვეყნდება.
”ამ ხელისუფლებას ჰქონდა საკმარისი დრო, რათა მოეგვარებინა უმუშევრობის პრობლემა, ბოლო მოეღო გაუსაძლისი სიღარიბისათვის,” – განაცხადა პატარკაციშვილმა, ”ამის მაგივრად, სააკაშვილის რეჟიმმა თანხები დახარჯა ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიების, ხელკეტების შესაძენად და დამსჯელი რაზმების მოსამზადებლად. მე ამ დროს მთელ ჩემ თანხებს ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებას ვახმარდი, ადამიანებს ვეხმარებოდი, დამოუკიდებელი მასობრივი ინფორმაციის წყაროებს ვქმნიდი. შემოვიტანე საქართველოში ასეულობით მილიონი და ქვეყნიდან არც ერთი თეთრი არ წამიღია”.
”7 ნოემბერს სააკაშვილის რეჟიმმა დაგვანახა თავისი ნამდვილი სახე, საშიში და დაუნდობელი. იმის მაგივრად, რომ მოენანიებინა და გადამდგარიყო თანამდებობიდან, მან [სააკაშვილმა] საგანგებო მდგომარეობა შემოიღო და დაარბია და დახურა ”ტელეიმედი”. შემდეგ გამოუცხადა საზოგადოებას ახალი სპექტაკლის დასაწყისი, რომელსაც ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ჰქვია”.
იმავდროულად, პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელები დეპუტატი ვალერი გელბახიანი და გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ძმა გოგა ჟვანია გუშინ გვიან ღამით ისრაელიდან დაბრუნდნენ, სადაც ბადრი პატარკაციშვილთან გამართეს შეხვედრა.
გელბახიანის განცხადებით, შტაბი პატარკაციშვილის საპრეზიდენტო პროგრამის პრეზენტაციას 21 დეკემბერს გამართავს და კიდევ ერთხელ მიმართავს ხელისუფლებას კანდიდატის უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე, რათა პატარკაციშვილმა შეძლოს თბილისში ჩამოსვლა და საარჩევნო კამპანიის წარმოება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)