საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის შესაძლოა დებატები შედგეს

პრეზიდენტობის ოთხს კანდიდატს შორის სატელევიზიო დებატების შესაძლო გამართვას საერთაშორისო სისტემების ფონდი (IFES) უწევს ორგანიზებას, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.


ე.წ კვალიფიციურმა კანდიდატებმა (წარმდგენი პარტიები, რომელთაც წინა საპარლამენტო არჩევნებზე 4%-იანი, ხოლო ადგილობრივ არჩევნებზე 3%-იანი ბარიერი გადალახეს) უკვე მიიღეს შეთავაზება ერთსაათიან დებატებში მონაწილეობის თაობაზე, რომელსაც 30 დეკემბერს პირდაპირ ეთერში გააშუქებს ოთხი ტელეკომპანია – საზოგადოებრივი მაუწყებელი, იმედი, მზე და რუსთავი 2.


მოსაწვევები 21 დეკემბერს დაეგზავნათ ლევან გაჩეჩილაძის, დავით გამყრელიძის, მიხეილ სააკაშვილისა და შალვა ნათელაშვილის საარჩევნო შტაბებს. IFES-ის ცნობით, სააკაშვილის გარდა ყველა კანდიდატი დადებითად გამოეხმაურა შეთავაზებას.


პრეზიდენტობის ოპოზიციური კანდიდატების უმრავლესობამ, მათ შორის გაჩეჩილაძემ, გამყრელიძემ და ნათელაშვილმა გამოთქვეს მზადყოფნა დებატებში მონაწილეობის თაობაზე იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილთან პაექრობის საშუალება მიეცემოდათ. სააკაშვილმა 25 დეკემბერს სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ იგი საგნობრივი დებატების მომხრეა.


IFES-ის განცხადებით, გეგმის თანახმად ოთხივე ტელეკომპანიიდან მოწვეული იქნებიან წამყვანები და თითოეულ მათგანს ექნება 20 წუთი, რათა შეკითხვები დაუსვან კანდიდატებს წინასწარ გაცხადებულ საკითხებზე. თითოეული კანდიდატს ასევე საშუალება ექნება დასკვნითი სიტყვით გამოვიდეს. ტელეკომპანიები თავად შეარჩევენ ჟურნალისტებს დებატების წასაყვანად.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)