პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბს გიორგი ჟვანია უხელმძღვანელებს
ბიზნესმენის და პრეზიდენტობის კანდიდატის ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბს 25 დეკემბრიდან სათავეში გიორგი ჟვანია, გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ძმა ჩაუდგა მას შემდეგ, რაც შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი ვალერის გელბახიანი პროკურატურამ ეჭვმიტანილად ცნო შეთქმულების მომზადებაში.
ამის შესახებ დღეს საგანგებო ბრიფინგზე პატარკაციშვილის შტაბის წარმომადგენელმა, დეპუტატმა გოჩა ჯოჯუამ განაცხადა. მისი ინფორმაციით, ვალერი გელბახიანი ამჟამად საქართველოში არ იმყოფება და ”ჩამოსვლისთანავე მას ალბათ დააპატიმრებენ”.
24 დეკემბერს ტელეკომპანია ”იმედის” თოქ-შოუში სატელეფონო ჩართვისას ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ ის არ დაემალება გამოძიებას, თუმცა განაცხადა, რომ თავდაპირველად ის ჩვენებას საერთაშორისო ორგანიზაციებს მისცემს.
გენერალურმა პროკურატურამ 24 დეკემბერს გამოაქვეყნა ორი ფარული ვიდეო-ჩანაწერი, სადაც გელბახიანი შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ხელმძღვანელს ერეკლე კოდუას აცნობს არჩევნების ჩაშლისა და მასობრივი არეულობის ინსპირირების გეგმებს. სამართალდამცავებმა ჩანაწერები კოდუას დახმარებით მოიპოვეს, რომელიც ასევე შეხვდა ბადრი პატარკაციშვილს ლონდონში. პროკურატურამ განაცხადა, რომ კიდევ გამოაქვეყნებს შოკის მომგვრელ მასალებს ამ თემაზე.
იმავდროულად, 24 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში პატარკაციშვილმა განაცხადა, რომ მას გააჩნია კოდუასთან ლონდონში შემდგარი საუბრის ფარული ჩანაწერები, რომლის გამოქვეყნებასაც მისი საარჩევნო შტაბი დღეს მოგვიანებით გეგმავს.
”ხელისუფლებამ შემოგვთავაზა რა კომპრომატების ომი, ჩვენ ამ ომს ისე ვუპასუხებთ, როგორც საჭიროა,”- აღნიშნა დღევანდელ ბრიფინგზე ჯოჯუამ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)