პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბი ხელმძღვანელის გარეშე რჩება

გიორგი ჟვანიამ ბიზნესმენის და პრეზიდენტობის კანდიდატის ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელობაზე უარი თქვა განაცხადა, რა რომ მისთვის ”მიუღებელია” პატარკაციშვილის გადაწყვეტილება განაგრძოს ბრძოლა პრეზიდენტობისთვის.


”მე თავიდანვე დავუჭირე მხარი მის გადაწყვეტილებას, რომ მას კანდიდატურა მოეხსნა. ეს გადაწყვეტილება შეიცვალა და ეს ჩემთვის არის სრულიად მიუღებელი,”- განუცხადა გიორგი ჟვანიამ, გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ძმამ 3 იანვარს საზოგადოებრივ მაუწყებელს, ”ბატონმა ბადრიმ ძალიან კარგად ახსნა თავის პირველ განცხადებაში, სადაც მან განაცხადა, რომ იხსნის კანდიდატურას, რომ საზოგადოებას გაუჩნდა გარკვეული ეჭვები და უნდა ირჩევდეს ისეთ ადამიანებს, რომლებშიც ეჭვი არ ეპარება. ეს ეჭვები არ გაფანტულა, არაფერი არ შეცვლილა და რატომ უნდა შეცვალო გადაწყვეტილება?”. 


პატარკაციშვილმა კანდიდატურის მოხსნა არჩევნებამდე ორი დღით ადრე გადაიფიქრა და განაცხადა, რომ აგრძელებს ”ბრძოლას  პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)