ბენდუქიძე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გაყოფის წინააღმდეგია

სახელმწიფო მინისტრმა ეკონომიკური რეფორმების კოორდინაციის საკითხებში კახა ბენდუქიძემ განაცხადა, რომ წინააღმდეგია შრომის,  ჯანმთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორ სამინისტროდ გაყოფის, რომელთაგანაც ერთი სოციალურ საკითხებს გაუწევს კურირებას, ხოლო მეორე ჯანდაცვის სფეროს.


”ეს იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი,” – განაცხადა ბენდუქიძემ 17 იანვარს საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში.


ქართული მედიის ვარაუდით, სამინისტროს შესაძლო დაშლა არის მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების ნაწილი. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ეს არ დასტურდება, ბენდუქიძის განცხადება მიანიშნებს, რომ ეს საკითხი შესაძლოა განიხილება ხელისუფლების მიერ.


ბენდუქიძის თქმით, სამინისტრო კურირებს საკითხებს, რომლებიც მთავრობის პრიორიტეტებია, მათ შორის სიღარიბის დაძლევა და მისმა გაყოფამ შესაძლოა დამატებითი ბიუროკრატია გააჩინოს, რამაც შესაძლოა შეამციროს ეფექტურობა.


2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ჯანდაცვის სამინისტროსთვის 1.284 მილიარდი ლარია გათვალისწინებლი. გასულ წელს ამ თანხამ 996.9 მილიონი ლარი შეადგინა. ბენდუქიძის თქმით, საბიუჯეტო პარამეტრები შეესაბამება მიხეილ სააკაშვილის წინასაარჩევნო დაპირებებს. ”ფინანსთა სამინისტოში იყო პროფესიონალთა გუნდი, რომელსაც გადაჰყავდა ყველა ეს დაპირება ციფრებში და ფინანსურ გათვლებში,” – განაცხადა მან.


მან ასევე აღნიშნა, რომ სოციალური პროგრამების დაფინანსების გაზრდა შესაძლებელი გახდა ინფრასტრუქტურული განვითარების პროექტების დაფინანსების შემცირების ხარჯზე, კერძოდ ენერგეტიკის, გზების და თავდაცვის სფეროებში.


ბენდუქიძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ თანდათან შეამცირა ენერგეტიკის სამინისტროს დაფინანსება მას შემდეგ, რაც ენერგეტიკის სფეროს ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის შემდეგ ენერგოობიექტების უმეტესობა გაიყიდა.


რაც შეეხება თავდაცვის დაფინანსებას, ბენდუქიძის თქმით, გასულ წელს საქართველომ ”უზარმაზარი სამხედრო შესყიდვები” განახორციელა და 2008 წელს ამგვარი შესყიდვების საჭიროება აღარ იქნება.       


ქართული მედიის ვარაუდით, ბენდუქიძე დაკარგავს თანამდებობას ახალ მთავრობაში, რომლის შემადგენლობაც პრეზიდენტ სააკაშვილის ინაუგურაციის შემდეგ გახდება ცნობილი. ინაუგურაცია 20 იანვარს იგეგმება. 


”პიროვნებები არ არის მნიშვნელოვანი,” – განაცხადა ბენდუქიძემ, ”მნიშვნელოვანია რეფორმების გაგრძელება”.


მისი თქმით, ახალი მთავრობა რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დადგება და რეფორმების გაგრძელების გარდა მნიშვნელოვანია სტაბილურობის შენარჩუნება. ”და მესამე ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია მომავალი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც, სავარაუდოდ, შეცვლის პოლიტიკურ გარემოს,” – განაცხადა ბენდუქიძემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)