პატრიარქმა ლავროვს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სწრაფად მოგვარება თხოვა
რუსეთმა აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის სწრაფად მოგვარებაში, რათა შეიქმნას საფუძველი ორ ქვეყანას შორის სამომავლო მეგობრული ურთიერთობებისათვის, განუცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს.
”სეპარატიზმი ეს გადამდები სენია, ამიტომ საჭიროა ჩქარა მოგვარდეს ეს პრობლემა და ჩემი ძალიან დიდი სურვილია, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტობის ვადაში [რომელიც გაზაფხულზე იწურება],”- განაცხადა პატრიარქმა.
შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოში დღეს პრეზიდენტ სააკაშვილის ინაუგურაციის ცერემონიის დასრულების შემდეგ გაიმართა, რომელზეც რუსეთის დელეგაცია ლავროვის ხელმძღვანელობით იყო წარმოდგენილი.
”ჩვენ გვერდს ვერ ავუვლით თქვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას, რომელიც უნდა მოგვარდეს ურთიერთობების მოგვარებით თბილისსა და აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს შორის. აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ხალხმა უნდა იგრძნოს საქართველოს ხელისუფლების სურვილი იხილოს ისინი თავისი სახელმწიფოს ფარგლებში, უზრუნველყოს მათი უფლებები და ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ ქართველ კოლეგებთან,”- განუცხადა პატრიარქს ლავროვმა, ”რუსეთი გულწრფელად დაინტერესებულია, რომ ეს კონფლიქტები დარეგულირდეს, რომ უზრუნველყოფილი იყოს ყველა ჩართული მხარის კანონიერი ინტერესები და შუამავალი მხარის რანგში, ჩვენ პატიოსნად შევასრულებთ ამ მისიას”.
მან ასევე აღნიშნა, რომ ნებისმიერი დესტაბილიზაცია ამ რეგიონში რუსეთისთვის ”უკიდურესად საშიშია”.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდება პრეზიდენტ სააკაშვილს და სავარაუდოდ, ოპოზიციონერ ლიდერებსაც.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)