სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრად ლადო გურგენიძე უკვე წარადგინა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრად კვლავ ლადო გურგენიძე დაასახელა, რომელიც პრეზიდენტთან შეთანხმებით მთავრობის ახალი წევრების კანდიდატურებს შეარჩევს.


”მაქსიმალურად წარმომადგენლობით და კარგ ახალი მთავრობის შემადგენლობას მივიღებთ. დღეს დილიდან ლადო გურგენიძე უკვე ჩემი დავალებით, დაკავებულია ამ საქმით,”- განუცხადა დღეს სააკაშვილმა ჟურნალისტებს ბაგრატის ტაძარში, სადაც ინაუგურაციის ღონისძიებების ფარგლებში საპრეზიდენტო ფიცი დადო.


კონსტიტუციის თანახმად, ლადო გურგენიძემ პრეზიდენტთან შეთანხმებით 10 დღის ვადაში უნდა შეარჩიოს მინისტრობის კანდიდატურები. ამასთან, ძალოვანი მინისტრების შერჩევა უშუალოდ პრეზიდენტის პრეროგატივაა. კანდიდატურების შერჩევიდან 3 დღის ვადაში პრეზიდენტი პარლამენტს წარუდგენს მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად. წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში პარლამენტი განიხილავს და დაამტკიცებს ახალ მინისტრთა კაბინეტსა და მის სამთავრობო პროგრამას.


პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ძველი მთავრობა იხსნის უფლებამოსილებას, თუმცა ახალი შემადგენლობის დანიშვნამდე დროებით ასრულებს მოვალეობას.


მიხეილ სააკაშვილმა წინასაარჩევნო პერიოდში და პრეზიდენტად არჩევის შემდეგაც არა ერთხელ განაცხადა, რომ მინისტრების აბსოლუტური უმრავლესობის შეცვლას აპირებს.


ამ ეტაპზე დანამდვილებით მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ კაბინეტის ახალ შემადგენლობაში აღარ იქნება ეკონომიკის მინისტრი გიორგი არველაძე.  მთავრობის ახალი სახე იქნება ქართულ პოლიტიკაში დღემდე უცნობი სანდრო კვიტაშვილი, რომელსაც აქამდე ნიუ-იორკში EastWest Institute (EWI)-ის ადმინისტრაციის დირექტორის თანამდებობა ეკავა.


ცოტა ხნის წინ სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ თანამდებობებს შეინარჩუნებენ იუსტიციის მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)