ტერი დევისი უარყოფს სეპარატისტი ლიდერების სტრასბურგში მიწვევის სურვილს

ინფორმაცია, რომ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ტერი დევისმა მზადყოფნა გამოხატა სტრასბურგში აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ლიდერების მოწვევის თაობაზე, არასწორია, იტყობინება ევროპის საბჭოს პრესსამსახური 24 იანვარს გამოქვეყნებულ განცხადებაში.


”გენერალური მდივნის პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად ცალსახა, კარგად ცნობილი და თანმიმდევრულია. მას არ აქვს განზრახვა მოიწვიოს ან შეხვდეს რომელიმე წარმომადგენელს ამ ორი თვითგამოცხადებული რეგიონიდან, რომლებიც საქართველოს ნაწილია და მას რაიმე ამგვარი განცხადება ამ გაუკეთებია,” – ნათქვამია განცხადებაში.


ტელეკომპანია ”მზე” 23 იანვარს იტყობინებოდა, რომ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტერი დევისი იზიარებს ინიციატივას დე ფაქტო ლიდერების ევროპის საბჭოში მოწვევის თაობაზე. ”მზემ” განაცხადა: ”ვითარებაში უკეთ გასარკვევად სასურველია დე ფაქტო ლიდერების არგუმენტები პირადად მოისმინონ”.


ტელეკომპანია ”მზემ” ტერი დევისის განცხადება გააშუქა, რომელიც მან ქართველ ჟურნალისტებთან სტრასბურგში საუბრისას გააკეთა. ტერი დევისმა, ქართული თარგმანის თანახმად, განაცხადა: ”რაც შეეხება ინიციატივას [სეპარატისტების მოწვევის თაობაზე], დიალოგის ყველა ფორმა უნდა იქნას გამოყენებული ამ კონფლიქტების მოსაგვარებლად. დეტალები კიდევ შესათანხმებელია”. 


ინიციატივა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ლიდერების სტრასბურგში მიწვევის თაობაზე სომხეთის დელეგაციას ეკუთვნის, რუსეთმა კი მას მხარი დაუჭირა. რუსეთი ადრე უკვე რამდენჯერმე შეეცადა დაერწმუნებინა გაეროს უშიშროების საბჭო მოესმინა სეპარატისტი ლიდერებისთვის, თუმცა ეს მცდელობები საქართველოს დასავლელმა მოკავშირეებმა ჩაშალეს.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)