პროკურატურამ პარლამენტს გელბახიანისთვის იმუნიტეტის მოხსნის თხოვნით მიმართა

გენერალურმა პროკურატურამ 24 იანვარს პარლამენტს ოფიციალური თხოვნით მიმართა მოუხსნას ვალერი გელბახიანს დეპუტატის იმუნიტეტი.


ფრაქცია ”ჩვენი საქართველოს” თავმჯდომარის და ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის ვალერი გელბახიანის წინააღმდეგ პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების მოწყობის ბრალდებით აღძრა.


გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად შეთქმულების მომზადების ფაქტზე საქმე 17 დეკემბერს მას შემდეგ აღძრა, რაც შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის უფროსმა ერეკლე კოდუამ შეატყობინა გამოძიებას, რომ ყოფილმა მოსამართლემ მარინა გაბუნიამ და დეპუტატმა გელბახიანმა სცადეს მისი მოსყიდვა აღნიშნულ დანაშაულში მონაწილეობის სანაცვლოდ. თავდაპირველად გამოძიებამ გელბახიანი ეჭვმიტანილად ცნო.


ასევე გავრცელდა ფარული ვიდეო-ჩანაწერი, სადაც გელბახიანი ერეკლე კოდუასთან განიხილავს 5 იანვრის არჩევნების შემდეგ ქვეყანაში არეულობის მოწყობის გეგმებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)