სააკაშვილი ახალ მთავრობას მიესალმება
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ახალი მთავრობის წევრები ”პროფესიონალები” და ”დამოუკიდებლად მოაზროვნე” ადამიანები არიან, რომლებიც არ არიან ასოცირებულნი რომელიმე პარტიასთან.
პარლამენტი ახალ მთავრობას ნდობას 31 იანვარს გამოუცხადებს.
”ეს არის აბსოლუტურად ახალი ტიპის მთავრობა,” – განაცხადა სააკაშვილმა რეგიონალური ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე, ”ეს არის პირველი მთავრობა, რომელიც დაკომპლექტდა არაპარტიული ნიშნით. პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე საერთოდ არასდროს არ ყოფილა რომელიმე პარტიის წევრი”.
მისი თქმით, ახალ მთავრობაში არიან წარმომადგენლები ”სამეცნიერო ინტელიგენციიდან” და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან.
განათლების მინისტრის კანდიდატზე გია ნოდიაზე საუბრისას მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მან შესთავაზა ნოდიას მთავრობის წევრობა, მიუხედავად იმისა, რომ ეს პიროვნება ”იყო ძალიან კრიტიკული ჩვენს მიმართ და მე ხშირად არ ვეთანხმებოდი მის კრიტიკას”. შემდეგ მან მუსტაფა ქემალ ათათურქის მაგალითი მოიყვანა და აღნიშნა, რომ თურქეთის პირველმა პრეზიდენტმა თავის მთავრობაში მისი ყველაზე მწვავე კრიტიკოსი მოიყვანა განათლების მინისტრად და თქვა: მე არ მჭირდება განათლების მინისტრი, რომელსაც არ შეუძლია დამოუკიდებლად აზროვნება. ”გია ნოდიას შერჩევისას იყო სწორედ ეს[კრიტერიუმი],” – განაცხადა სააკაშვილმა.
შემდეგ მან განაცხადა, რომ კიდევ ერთი მინისტრობის კანდიდატი თემურ იაკობაშვილი, რომელიც რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გახდება, ასევე ხშირად აკრიტიკებდა ხელისუფლებას.
”მთავარი კრიტერიუმი მთავრობის დაკომპლექტებისას იყო პროფესიონალიზმი, დამოუკიდებლად მოზაროვნე პიროვნებები, რომელთაც ექნებათ ავტონომია გადაწყვეტილების მიღების პროცესში,” – განაცხადა სააკაშვილმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)