რუსეთმა უნდა გადახედოს პოზიციებს აფხაზეთზე და სამხრეთ ოსეთზე – მირონოვი
თუ კოსოვო ცალმხრივად გამოაცხადებს დამოუკიდებლობას, რუსეთმა უნდა გადახედოს თავის მიდგომებს აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და დნესტრისპირეთის მიმართ, იუწყება ”რია ნოვოსტი” 5 თებერვალს რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის სერგეი მირონოვის სიტყვებზე დაყრდნობით.
”თუ კოსოვო ამას გააკეთებს, მე, როგორც პარლამენტარი, დაჟინებით მოვითხოვ, რომ რუსეთმა გადახედოს თავის პოზიციებს, დეკლარაციებს და განცხადებებს აფხაზეთზე, დნესტრისპირეთზე და სამხრეთ ოსეთზე,”- განაცხადა მირონოვმა და დასძინა, რომ რუსეთს ”შეუძლია და ვალდებულია” ეს გააკეთოს.
მისი თქმით, კოსოვოს საერთაშორისო აღიარება იქნება ნეგატიური შედეგების მქონე პრეცედენტი, რომლის მაგალითი შეიძლება გაიზიაროს ბევრმა ევროპულმა სახელმწიფომ.
ცოტა ხნის წინ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთს არასოდეს განუცხადებია, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადების მეორე დღესვე აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. ამ განცხადებას ოფიციალური თბილისი მიესალმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)