მმართველი პარტია და ოპოზიცია შეთანხმებებს მემორანდუმით გააფორმებენ – ბურჯანაძე

გუშინ გვიან ღამით ოპოზიციასთან კონსულტაციების შედეგად მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ დახურულ რეჟიმში გაგრძელდება კონსულტაციები ერთობლივი მემორანდუმზე, სადაც აისახება მიღწეული შეთანხმებები და მათი შესრულების ვადები, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე. 


”გვიან ღამით შევძელით აგვეცილებინა თავიდან მოლაპარაკებათა პროცესის ჩიხში შეყვანა,”- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ, ”იმისათვის რომ პროცესი ჩიხში არ შევიდეს, ჩვენ წერილობით შევიმუშავებთ მემორანდუმის ტექსტს. ამ მემორანდუმში იქნება ჩამოყალიბებული კონკრეტული შეთანხმებების არსი და მისი შესრულების ვადები”.


ბურჯანაძის განცხადებით, ”მაქსიმუმ ზეგ”, 14 თებერვალს  საზოგადოება შეიტყობს ერთობლივი მემორანდუმის შინაარსის შესახებ.

”მე იმედიანად ვარ განწყობილი, რომ შესაძლებელი იქნება უმრავლეს საკითხებზე შეთანხმების მიღწევა,”- განუცხადა რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელს, ”მაგრამ იმისთვის, რომ გამოირიცხოს შემდგომი გაუგებრობები შეთანხმება ასეთია, რომ ხელისუფლება წერილობით წარმოადგენს კონკრეტულ საკითხებზე საკუთარ პოზიციას, კონკრეტული ვადების მითითებით, ამას განვიხილავთ, ვიმსჯელებთ და ამის შემდგომ გადაწყდება უკვე შემდგომი მოლაპარაკებების ბედი”.


დღეს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დაგეგმილი მოლაპარაკებათა მესამე რაუნდი აღარ გაიმართება და მუშაობას სამუშაო ჯგუფები დახურულ რეჟიმში გააგრძელებენ.


ცხრა ოპოზიციური პარტიის კოალიციის ლიდერები დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობას არ აპირებდნენ, განსხვავებით ოპოზიციური პარტიების ახალი მემარჯვენეებისა და მრეწველებისაგან.


ოპოზიციური კოალიციის ლიდერებმა 8 თებერვალს განაცხადეს, რომ ისინი წყვეტენ დიალოგს ხელისუფლებასთან, სანამ მათი სამი მოთხოვნა: პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პატიმრების გათავისუფლებაზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის თამარ კინწურაშვილის და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ლევან თარხნიშვილის გადაყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდებოდა. პარალელურად, ოპოზიცია 15 თებერვლის ფართომასშტაბიანი აქციისათვის ემზადება.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)